27 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
რამდენიმეთვიანი მასშტაბური პროტესტის შემდეგ, შრი - ლანკაში პრეზიდენტი და პრემიერი თანამდებობას ტოვებენ

რამდენიმე თვიანი პროტესტი და სასურველი შედეგი - შრი - ლანკის პრეზიდენტი თანამდებობას დატოვებს. პირველმა პირმა რამდენიმე დღე ხელისუფლების გადაბარებისთვის ითხოვა. შრი - ლანკაში კიდევ ერთი ვაკანსიაა - თანამდებობას ტოვებს პრემიერ - მინისტრიც. გადაწყვეტილებებს წინ მასშტაბური დემონსტრაციები უძღოდა, მშვიდობიანი აქციები მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. აუზი, სპორტდარბაზი, საშხაპე - აქციის მონაწილეებს ყურადღების მიღმა არც ის სივრცე დარჩენიათ, რაც მათთვის უჩვეულო, პრეზიდენტისთვის კი ყოველდღიურობა იყო.

13 ივლისი შრი - ლანკელებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტი სწორედ ამ დღეს დატოვებს თანამდებობას.

ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში პოსტს პარლამენტის თავმჯდომარე 30 დღით დაიკავებს. ამ პერიოდში პარლამენტი ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

ლიდერებმა გადადგომის გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი მასშტაბური დემონტრაციების შემდეგ მიიღეს. აქციის მონაწილეებმა პრემიერ - მინისტრის სახლს ცეცხლი წაუკიდეს, მანამდე კი პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ. პრემიერი და პრეზიდენტი რეზიდენციის დაკავების დროს შენობებში არ იმყოფებოდნენ. ისინი უსაფრთხოების მიზნით სხვა ტერიტორიებზე გაიყვანეს.

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციელებმა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, არიან დაშავებულები , მათ შორის 3-ს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანება აქვს.

დემონსტრანტების ყურადღების მიღმა არც პრეზიდენტის სასახლეში მდებარე აუზი და სპორტდარბაზი დარჩენილა. დაღლილ აქციის მონაწილეთა ნაწილმა კი საშხაპითა და საძინებელი ოთახებით ისარგებლეს.

შრი - ლანკის მოსახლეობის პროტესტი ეკონომიკურმა კოლაფსმა გამოიწვია. 1948 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანა ყველაზე ძლიერ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. საგარეო ვალი 51 მილიარდია, რის გამოც ხელისუფლებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს დახმარებისთვის მიმართა. გარდა ამისა, დეფიციტია საკვებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე. ინფლაციის მაჩვენებელმა ივნისში რეკორდულ 54%-ს მიაღწია, მომდევნო თვეებში კი ვარაუდობენ, რომ მაჩვენებელი 70%-მდე გაიზრდება.

ავტორი: თიკო ცერცვაძე

დღის ამბები