27 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ევროკომისიის რეკომენდაციები - როგორი იქნება ოპოზიციის საბოლოო გადაწყვეტილება და ვის რა გეგმები აქვს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე 

ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების გეგმას გაემიჯნა და ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობა დაიწყო. მაშინ, როცა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება საკანონმდებლო ორგანოში, მმართველი გუნდის მხრიდან სასამართლო რეფორმაზე მუშაობით უნდა გაგრძელდეს. მათი ოპონენტების ნაწილი გამოსავალს ისევ პროტესტში ხედავს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ დეპოლარიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესი შესაძლოა მხოლოდ ქუჩის პროტესტით იქნას მიღწეული. პარტია საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს. კომისიებს არც "ლელო" შეუერთდება. პოლიტიკური გაერთიანება უმრავლესობას კანონმდებლობაზე მუშაობას საგანგებო სესიების ფორმატში სთავაზობს. 

ოპონენტების რიტორიკას დესტრუქციულს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატების თქმით, ოპოზიცია ევროინტეგრაციის პროცესს მიზანმიმართულად აფერხებს. რაც, პირველ რიგში სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაა. კანონმდებლების თქმით, 12 პუნქტიანი გეგმის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პოლიტიკოსების ელექტორალურ მხარდაჭერას აუცილებლად შეამცირებს.  

ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მმართველ გუნდთან საპარლამენტო ფორმატში თანამშრომლობას გეგმავს საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილი. "გირჩისა" და პარტია "საქართველოსთვის" წევრები, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ნებისმიერ ფორმატს მისაღებად მიიჩნევენ. 

ოპოზიციის არაერთგვაროვან სტრატეგიას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანიც გამოეხმაურა. კახა კალაძემ განმარტა, რომ მიუხედავად მცდელობებისა, ოპოზიცია მიზანს ვერ მიაღწევს. დედაქალაქის მერის თქმით, მმართველი ძალა მზადაა კანდიდატს სტატუსის მისაღებად ყველა რეკომენდაცია შეასრულოს.

 

დღის ამბები