27 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
როგორი რეიტინგი აქვს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ედავება - ბანკის რეიტინგმა მაისში ერთი საფეხურით დაიწია

შვეიცარული ბანკის Credit Suisse-ის რეიტინგმა მაისში ერთი საფეხურით დაიწია. ბანკის რეიტინგი ჯერ Fitch-მა დაწია, შემდეგ კი ის კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ, Standar & Poor’s-მა შეამცირა, პერსპექტივა კი უარყოფითიდან სტაბილურისკენ შეიცვალა.

შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაცია და ნდობა მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა, თუმცა რეიტინგის შემცირებას წინ რამდენიმე სკანდალი უძღოდა, დაქვეითებამ კი კიდევ უფრო გაზარდა დაშორება მის ყველაზე დიდ შვეიცარიელ კონკურენტთან.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ივანიშვილი Credit Suisse-სს იმ ბრალდებით უჩიოდა, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა საკუთარი ქონებიდან 400 მილიონამდე დოლარი დაკარგა. ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა ბანკმა წააგო. ამას გარდა, ივანიშვილი ბანკს ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც უჩივის.

მილიარდერის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ, ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები წარმოშვა და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს სასამართლოს თანხმობის გარეშე აღარ განახორციელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივანიშვილისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს.

დღის ამბები