27 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ომის 135-ე დღე - დონეცკის ოლქში ბოლო 12 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა 23 დასახლებულ პუნქტს დაარტყეს

7 დაღუპული და 21 დაშავებული - ასეთია ოკუპანტების მიერ კრამატორსკის ცენტრზე ისკანდერით მიტანილი იერიშის შედეგი. დონეცკის ოლქი რუსული თავდასხმის მთავარ სამიზნედ რჩება. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ აგრესორი მიზანმიმართულად ანადგურებს კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას, მოსახლეობას კი ევაკუაციის საშუალებას არ აძლევს.

ავიაიერიში განახორციელეს ქალაქ სლავიანსკზე. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამედიცინო პუნქტი. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მძიმედ დაშავდა 20-მდე მშვიდობიანი. მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ორი ადამიანი ემსხვერპლა დაბომბვას ავდეევკაში. ქალაქის მიმართულებით ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა ცეცხლი 18-ჯერ გახსნეს. ჭურვები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სიახლოვეს აფეთქდა, დაშავებულია 5 ადამიანი.

5 დაშავებული და 3 დაღუპულია ხარკოვში. უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში ქალაქს არტილერია და ავიაცია ანადგურებს. უკანასკნელი შეტევის შედეგად კრიტიკულად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს სუმის ოლქის სოფლების მიმართულებითაც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

უკრაინის საომარ მოქმედებებში ჩართვაზე ალაპარაკდნენ მოლდოვას პრორუსულ წრეებში. განცხადება სახელმწიფო ღალატში ბრალდებულმა ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა გააკეთა. იგორ დოდონი ეჭვობს, რომ კიშინიოვი საკუთარი ტერიტორიის გავლით უკრაინაში შეიარაღებას ატარებს, რაც შესაძლოა რუსეთთან კონფლიქტის საბაბი გახდეს.

რუსეთის ფედერაციის გეგმებთან დაკავშირებით ანგარიშს ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დონეცკის ოლქზე მასირებული შეტევის განსახორციელებლად კრემლი ძალების გადაჯგუფებას ახდენს. მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის და ცოცხალი ძალის კონცენტრაცია. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ცნობით, სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის შემდეგ რუსული არმია სივერსკის დაკავებას გეგმავს.

დღის ამბები