27 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, რათა დაუახლოვდეს და ნამდვილად გახდეს ჩვენი საზოგადოების, ერთობის ნაწილი - ავსტრიის კანცლერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაშია. ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერს შეხვდა. მანამდე საქართველოს პრემიერ - მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მხარეებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს, ავსტრიის კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში.

"შეხვედრა მქონდა გეოსტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. საქართველოს 20% რუსეთის სამხედრო ძალების მიერ არის ოკუპირებული. ეს ერთი მხრივ, არის დიდი გამოწვევა, თუმცა მეორე მხრივ, საქართველო წარმოადგენს ძალიან განსაკუთრებულ, მნიშვნელოვან პარტნიორს, როდესაც ვსაუბრობთ აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის პარტნიორობაზე. უკეთ რომ გავიგოთ ეს რეგიონი, ავსტრიის პერსპექტივიდან ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, ქვეყნის, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, მიისწაფვის ევროპისკენ. ამ გზაზე მას მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ის დაუახლოვდეს და ნამდვილად გახდეს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერთობის ნაწილი.

ევროპულმა საბჭომ უკვე ჩამოაყალიბა საკუთარი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხერხდეს სწარაფად ამ პროცესის უზრუნველყოფა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბატონ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ავსტრიის პოზიციებზე დეტალურად ვისაუბრეთ და ავუხსენით ჩვენი მიდგომა, რატომ გაიწერა მაგალითად, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რატომ დაფიქსირდა ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ბოსნია-ჰერცოგოვინის მომენტიც გასათვალისწინებელია და ჩვენ ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ.

ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, არამედ ვლაპარაკობთ სხვადსხვა ინტერესზე, ამ ინტერესების დაბალანსებაზე და ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკრეტული სიგნალი გაიგზავნა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მიმართ. მაგრამ ჩვენთვის, ავსტრიისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სიგნალის გაგზავნა დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის.

რომ დავუბრუნდეთ კვლავ საქართველოსთან ურთიერთობებს, ჩვენ ვართ სავაჭრო პარტნიორები. ბუნებრივია, ჩვენს უერთიერთობებში არსებობს კიდევ დიდი პოტენციალი, ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი, თუმცა როდესაც ვლაპარაკობთ ავსტრიაზე, ავსტრიელებზე, ავსტრიის მოქალაქეებზე, შეიძლება ითქვას, რომ ბევრად უფრო გასაგებია ეს ქვეყანა ჩვენთვის, საქართველოს უფრო ახლოს ვხედავთ. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ ეკონომიკური ურთიერთობის გასაღრმავებლად, ამ მიმართულებითაც დიდი პოტენციალი არსებობს, თუმცა იმისთვის, რომ მოხდეს უწყვეტი ინვესტიციები, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება. პრემიერ-მინისტრმა მოგვცა გარანტია, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს გარანტიები უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ და ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, იქნას გარანტიები შექმნილი. ორგანიზებულ კრიმინალთან, დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ, რადგან ჩვენ ამ თანამშრომლობის პროცესში ძალიან ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან. ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ.

მე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა, საქართველოს მივეცი ცალსახა გარანტია, რომ კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, იქნება ჩვენი მხრიდან კონკრეტული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რათა შეიქმნას სტაბილურობის სივრცე, სადაც ამ ძალიან რთული სიტუაციის ფონზე, კონკრეტული გარანტიები იქნება მოცემული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი, ძალიან მნიშვნელოვანია დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება, რათა უკეთ ვიზრუნოთ ევროპაში მშვიდობისათვის,"- განაცხადა ავსტრიის კნცლერმა კარლ ნეჰამერმა.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები