27 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
დეპოლარიზაციის საკითხზე პაპუაშვილთან შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი არ დაესწრო - რა არგუმენტები აქვთ მათ, როდესაც ერთობლივ მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ

დეპოლარიზაციის საკითხზე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი არ დაესწრო და ევროპული კომისიის პირველ რეკომენდაციას, ფაქტობრივად, ბოიკოტი გამოუცხადა. ბრიუსელის დავალებების შესასრულებლად პარლამენტის სპიკერის მოწვევით ჩანიშნულ შეხვედრას დღეს მხოლოდ "გირჩები", "მოქალაქეები", გახარიას "საქართველოსთვის" და "რესპუბლიკური" პარტიის სახელით ხათუნა სამნიძე ესწრებოდა. ოპოზიცია დღეს არ გამოჩენილა არც საკომიტეტო შეხვედრაზე, რომელიც, ასევე, რეკომენდაციების შესრულებას ეხებოდა.

პარლამენტის სპიკერის სათათბირო ოთახი ერთადერთი სივრცე არ იყო, სადაც სახელისუფლებო გუნდმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ნაწილში მუშაობა დაიწყო. საპროცედურო და წესების კომიტეტის სხდომა იყო პირველი სამუშაო ფორმატი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ევროპელი პარტნიორების მიერ მომზადებული პირობების შესასრულებლად საპარლამენტო ზედამხედველობა გაძლიერდება. თუმცა, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მმართველმა პარტიამ მიიღო, რადგან კომიტეტის სხდომას, მიუხედავად იმისა, რომ წევრები არიან, არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ დასწრებია. მსგავსი მიდგომა მმართველი პარტიის შეფასებით უღრმავებთ ეჭვს, რომ ოპოზიციის ნაწილს ევროპელი ლიდერების მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულება არ სურს და მას ბოიკოტს უცხადებს.

კომიტეტის სხდომაში მონაწილეობაზე უარის მიუხედავად მმართველი გუნდი პოზიციას არ ცვლის და ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელებიც "ქართულ ოცნებასთან" მუშაობისთვის მზად არიან სამუშაო ჯგუფებში მომავალში ელოდებიან. "გირჩებსა" და "მოქალაქეებში" მოგვიანებით განმარტეს, თუ რა მიზეზით არ დაესწრნენ საკომიტეტო განხილვას.

ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელებიც არც კომიტეტის განხილვაში და არც სხვა ფორმატში თანხმდებიან მმართველ გუნდთან მუშაობას "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო საქმიანობის სპეციფიკა შეახსენა. ამბობენ, რომ ამის კონკრეტული საბაბი აქვთ. პოლიტიკური ძალებისთვის ნებისმიერი ჯგუფი, რა მიმართულებითაც არ უნდა მუშაობდეს, მიუღებელია და მასში ჩართვას ფორმალობას უწოდებენ. ოპოზიციის ეს ნაწილი ამბობს, რომ მათი გეგმით და დღის წესრიგით იხელმძღვანელებენ.

დღის ამბები