27 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
"იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების სწრაფად მიღება" - რა გეგმა აქვს ოპოზიციის ნაწილს

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაში არ მონაწილეობს, კონსულტაციებს განაგრძობს. იგეგმება შეხვედრა არასამთავრობო ორაგნიზაციებთან, რის შემდეგაც პარტიების ნაწილი საკუთარ დღის წესრიგს წარადგენს. უკვე ცნობილია, რომ მათთვის პრიორიტეტი საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელიც საარჩევნო თემატიკას ეხება და მათი განცხადებით, ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციის პროცესს.

როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, სწორი ნაბიჯი იქნება თუ პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სესიას მოიწვევს და თუ ეს მოხდა, მისი პარტია რიგგარეშე სესიის მოწვევას ხელს მოაწერს. ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად სამოქალაქო სექტორთან და ექსპერტებთან მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

"ჩვენს ხელმოწერას გავაკეთებთ რიგგარეშე სესიაზე ერთხელ და საბოლოოდ, იმიტომ, რომ ეს იქნება ტესტი, რეალურად პრეზიდენტისთვის პირველ რიგში, ნიშნავს რიგგარეშე სესიას, ხალხის მხარეს არის, თუ "ქართული ოცნების" მხარეს არის და არ ნიშნავს რიგგარეშე სხდომას და ასევე, "ქართული ოცნებისთვის," რა უნდათ რეალურად მათ. პირველი საკითხი უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები. 12 პუნქტთან დაკავშირებით ექსპერტებთან, სამოქალაქო სექტორთან მუშაობა უნდა გაგრძელდეს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციებში მონაწილეობას არ იღებს ენმ. პარტიის წევრის აკაკი მინაშვილის თქმით, სინამდვილეში მმართველი გუნდის მიზანია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები არ შესრულდეს და საქართველომ კანდიდატობის სტატუსი ვერ მიიღოს.

"ის ე.წ. კომისია, რომელსაც ქმნის პაპუაშვილი, არის მეთოდი "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესი გაწელონ. სინამდვილეში მათი მიზანია, რომ ეს რეკომენდაციები არ შესრულდეს და საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატობის სტატუსი. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ჩამოყალიბებული გეგმა, ასევე ოპოზიციური პარტიები მუშაობენ, თუ როგორ შეიძლება ძალიან მოკლე ვადებში, ძალიან სწრაფად იმ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა საქართველომ წარმატებით მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამის პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების სწრაფად მიღება," - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

"ლელოს" წევრი ლევან სამუშია კი, შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციებს პროცესს იმიტირებას უწოდებს და ამბობს, რომ მონაწილეობას არ აპირებს.

ცნობისთვის, დეპოლარიზაციის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა დღეს გაიმართება.

 

დღის ამბები