27 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ქართული ეკონომიკა ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს ინარჩუნებს - გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმი

რეგიონში რთული ვითარებისა და ამ ფონზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ისევ დადებით ნიშნულზეა. 2022 წლის იანვარი მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმის აღდგენის დინამიკა განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებად, ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და ტურიზმის აღდგენის დინამიკა სახელდება. მიმდინარე წლის მაისში ექსპორტი 54.3 %-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 63,3%-ით გაიზარდა. მოგზაურობიდან იანვარ-მაისში მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე კი 75,3%-ია.

დამაიმედებელი მონაცემები გამოაქვეყნა ტურიზმის დეპარტამენტმაც. 2022 წლის ივნისში, საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 185.5%-ია. საერთო ჯამში, ბოლო ექვს თვეში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,209,272 შეადგინა, შემოსავლებმა კი 840 მილიონი დოლარი.

დადებითი ტენდენციები დაფიქსირდა ბიუჯეტის შესრულების მიმართულებითაც8 მოცულობამ 9,1 მილიარდი ლარი შეადგინა. დაბალია ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. საქართველოს მთავრობას საჯარო ფინანსების მართვის კუთხით რეფორმების გატარებაში მხარს უჭერს გერმანია. გერმანიის საელჩომ დღეს საზოგადოებას შეახსენა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის შედეგების მიხედვით, 120 ქვეყანას შორის საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა.

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილა დღეს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრაზეც, სადაც ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის პრიორიტეტულ ყველა მიმართულებაზე. მათ შორის ხაზი გაესვა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჯიჰად აზურთან შეხვედრა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმაც განმარტეს.

საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, არსებული ტენდენციების შენარჩუნების პირობებში, ანალიტიკოსები ეკონომიკური ზრდის ტემპს მომავალშიც პროგნოზირებენ.

ქვეყნის ეკონომიკური გუნდის განმარტებით, გრძელდება დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია და წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვნად შემცირდეს მისი წლიური მაჩვენებელიც. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა კი მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება.

დღის ამბები