27 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
სახალხო დამცველი "ალტ-ინფოს" მიერ დაფუძნებული პარტიის აკრძალვას ითხოვს - რატომ გაიყო ლომჯარიას სარჩელზე აზრი ორად ოპოზიციაში და სად ურჩევს "ოცნება" მოძალადეების ძებნას ომბუდსმენს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ან პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, შევა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში "ალტ-ინფოს" მიერ დაფუძნებული პარტიის წინააღმდეგ სარჩელი.  დოკუმენტზე მუშაობა დასრულებულია, ახლა ფორმალურ დეტალებზე მსჯელობენ. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა იმსჯელონ იმაზე, გააუქმონ თუ არა ”კონსერვატიული მოძრაობა”. სახალხო დამცველი მის მიერ მომზადებულ სარჩელში სწორედ ამას ითხოვს და საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციის 23 მუხლის დარღვევაზე მიუთითებს.

სამართლებრივი დავის დაწყებისთვის მზად არის სარჩელის ადრესატი. ”კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერის თქმით, არგუმენტი, რის გამოც სახალხო დამცველის აპარატი მისი პარტიის აკრძალვას ითხოვს, რეალური არ არის. კონსტანტინე მორგოშია აანონსებს, რომ ანალოგიური დავის დაწყებას სხვა პარტიების მიმართ თავადაც გეგმავს.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, "ალტ-ინფოს" მიერ დაფუძნებული პარტიის აკრძალვის მომხრეა. ამბობენ, რომ სახალხო დამცველის სარჩელის შინაარსს სრულად იზიარებენ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ”კონსერვატიული პარტიის” იდეოლოგია და რუსული ინტერესები ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს უშლის.

პოლიტიკური პარტიების ნაწილის და სახალხო დამცველის მიდგომას მმართველი გუნდი არ იზიარებს. ”ქართულ ოცნებაში” ომბუდსმენს მეტი ობიექტურობისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ნინო ლომჯარია კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესებს იცავს.

”კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვა გამოსავალი არ არის არც პარტია ”გირჩებისთვის” და ”მოქალქეებისთვის”. ოპოზიციის ამ ნაწილს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველმა შესაძლოა ამ ნაბიჯით ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად მის შეზღუდვას შეუწყოს ხელი.

სარჩელი უკვე მზადაა, ახლა სახალხო დამცველის აპარატი საკონსტიტუციო სასამართლოში მათი მოთხოვნის ოფიციალურად წარდგენას ელოდება.

დღის ამბები