27 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ვინ აპირებს ბრიუსელის დავალებების შესასრულებლად "ქართულ ოცნებასთან" ერთად იმუშაოს - ოპოზიციამ კონსულტაციები დაასრულა 

საკანონმდებლო ორგანო ხვალიდან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობას იწყებს. პირველ ეტაპზე საკითხზე მსჯელობა საპროცედურო კომიტეტზე დაიწყება, მოგვიანებით კი დეპოლარიზაციის თემაზე შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე გამართავს, მასში მონაწილეობას ოპოზიციის ნაწილიც მიიღებს. შალვა პაპუაშვილი ოპონენტებთან პოლარიზაციის აღმოფხვრის გეგმას განიხილავს. მისი თქმით, პროცესი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესასრულებლად წამოიწყო, ინკლუზიურია და საჭიროა მასში ყველა პოლიტიკური ჯგუფი ჩაერთოს.

დეპოლარიზაციაზე სასაუბროდ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას არ აპირებს ”ნაციონალური მოძრაობა”, "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი". პარტიებში მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნება" დროის გაჭიანურებას ცდილობს. ისინი მმართველ პარტიას უნდობლობასაც უცხადებენ და საკუთარ მოთხოვნებს უყენებენ. თითქმის 2 საათიანი შიდა კონსულტაციების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას კვლავ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა მოსთხოვეს.

სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩში", "მოქალაქეებსა" და გიორგი გახარიას პარტიაში. სამივე პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი ხვალ დეპოლარიზაციის საკითხზე, პირველ შეხვედრაში მონაწილეობას აპირებს.

ოპოზიციას თანამშრომლობისკენ ”ქართულმა ოცნებამ” დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მმართველი პარტიისთვის ეს კიდევ ერთი გზავნილი იქნება თუ რა სურს რეალურად ოპოზიციას. პარტიის თავმჯდომარემ დღეს ოპონენტების რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნასაც უპასუხა.

ხვალ, იქამდე, სანამ საპროცედურო კომიტეტის სხდომა დაიწყება და დეპუტატები 12 რეკომენდაციის შესახებ იმსჯელებენ, ოპოზიცია კიდევ ერთხელ კონსულტაციისთვის შეიკრიბება, რის შემდეგაც, სპეციალურ ბრიფინგზე სავარაუდოდ, საკუთარ დღის წესრიგს წარადგენს თუ როგორ უნდა იმუშაონ პარტიებმა ევროკომისიის დავალებაზე.

დღის ამბები