27 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
პრაიდ კვირეული წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომი გაძლიერება უნდა მოჰყვეს - საელჩოების ერთობლივი განცხადება

გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, იაპონიის, ისრაელის, საფრანგეთის, შვედეთისა, შვეიცარიის და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოები საქართველოში ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ პრაიდ კვირეული წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომი გაძლიერება უნდა მოჰყვეს:

"მივესალმებით 2022 წლის პრაიდ კვირეულის ჩატარებას. ვულოცავთ თბილისი პრაიდს და სხვა სათემო ორგანიზაციებს ამ  წარმატებას. სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს და მხარს ვუჭერთ მათ სამოქალაქო უფლებას შიშისა და შეზღუდვების გარეშე ისარგებლონ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით.

კარგად გვესმის, რომ პრაიდ კვირეულის აღნიშვნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებსა და ბევრ სხვა სტრესულ ვითარებას გულისხმობს. უამრავი ლგბტქი+ ადამიანი მსგავს გამოწვევებს ყოველდღიურად უმკლავდება. იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ წლევანდელი პრაიდ კვირეული წინ გადადგმული ნაბიჯია ლგბტქი+ თემის უფლებების დაცვის, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის მხრივ.

მადლობას ვუხდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს, რომელთაც პრაიდ კვირეულის მსვლელობისას , უსაფრთხოების დაცვა და საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყვეს. მივესალმებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ჩართულობას კვირეულის მომზადებისა და კოორდინირების პროცესში.

მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვით, სახელმწიფო მხარს უჭერს ადამიანის ძირითადი უფლებების საყოველთაო დაცვას და ისეთი საზოგადოების მშენებლობას, რომელიც აძლიერებს და იცავს მის ყველა წევრს, გამონაკლისის გარეშე, და აღიარებს და აფასებს მრავალფეროვნებას.

მივესალმებით საქართველოს შემდგომ ნაბიჯებს ადამიანის უფლებების დაცვისა და ამ მხრივ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების გზაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების გზით.

საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს მრავალფეროვნებას და მიაჩნიათ, რომ ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. ეს სოციალური ცვლილება სახელმწიფოს პოლიტიკასა და პრაქტიკაზე უნდა აისახოს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულოს ამ მხრივ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და სათანადოდ დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, მათი შესაძლებლობის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობის, რასობრივი მიკუთვნების, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შევახსენებთ საქართველოს მთავრობას, რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო ძალადობის წამქეზებელი და ჩამდენი ყველა პირი უნდა წარსდგეს კანონის წინაშე.

ვადასტურებთ მზაობას და ვაგრძელებთ ჩვენს ხელშეწყობას, რათა საქართველომ დაიცვას ლგბტქი+ თემის უფლებები, აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა, გააძლიეროს ლგბტქი+ ადამიანების სოციალური დაცვა, შეამციროს მათი უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე და უზრუნველყოს განათლებაზე, დასაქმებასა და ჯანდაცვაზე წვდომა,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები