27 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე, ეუთოს წევრი ქვეყნების პარლამენტარებს სიტყვით მიმართა

გაერთიანებულ სამეფოში, ბირმინჰემში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის დასკვნით სხდომაზე, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა პლენარულ დებატებში მიიღო და ეუთოს წევრი ქვეყნების პარლამენტარებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ათწლეულების განმავლობაში რეგიონში რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა, რამაც მისი თქმით ომი, ნგრევა, მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და საერთაშორისო სამართლის რღვევა გამოიწვია.

"საქართველო დღესაც განიცდის რუსეთის აგრესიის შედეგებს და დღესაც აგრძელებს ბრძოლას რუსული ოკუპაციისა და მისი მტკივნეული შედეგების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ გააცნობიერა საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომ რეგიონში აგრესიის შესაჩერებლად უფრო მკაცრი ქმედებების გატარებაა საჭირო," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა 2014 წელს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

"8 წლის განმავლობაში საქართველოში მიღწეული პროგრესი ხელშესახები და უდავოა. რეფორმების გზით საქართველო გახდა მიმზიდველი ქვეყანა მრავალი მიმართულებით, მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება  და საქართველო, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიანიჭა. ეს საქართველოსთვის, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ასოცირებული პარტნიორებისთვის, მნიშვნელოვანი მიღწევაა. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ რეფორმების ეფექტურად განხორციელებას, რათა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მიზანს დავუახლოვოთ. ამ გზაზე ჩვენ ვსაჭიროებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერას და მათ მიერ იმ საფრთხეების გათვალისწინებას, რომლის წინაშეც საქართველოს დგას," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ბირმინჰემში გაიმართა.

დღის ამბები