სროლა ჩიკაგოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე - შემთხვევის შედეგად 6 დაიღუპა, 30 კი დაიჭრა.
ქუჩაში ზეიმზე გამოსულ მოქალაქეებს 22 წლის მამაკაცმა ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გაუხსნა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი, რობერტ ქრიმომ მიმალვა სცადა, თუმცა ის პოლიციამ მალევე დააკავა.
სროლის გამო, აღლუმი დაწყებიდან 10 წუთში შეწყდა, ქუჩაში გამოსული მოსახლეობა კი უსაფრთხო ადგილას დამალვას ცდილობდა. ზეიმზე იმყოფებოდნენ ბავშვებიც, რომლებიც რობერტ ქრიმომ ასევე არ დაინდო. რამდენიმე არასრულწლოვანი ავტომატიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიჭრა.
საზარელ ფაქტს უკვე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ იარაღით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს.
ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი დილის 10 საათზე დაიწყო, თუმცა 10 წუთში შეწყდა.
ინციდენტის ადგილზე, რამდენიმე წუთში, პოლიციამ ოპოვა იარაღი, ეძებდნენ 18-დან 20 წლამდე ასაკის თეთრკანიან მამაკაცს. პირი, რომლითაც გამოძიება იყო დაინტერესებული, დაახლოებით, საღამოს 6 საათზე, შემთხვევის ადგილიდან 5 მილის მოშორებით აიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე შტატის გუბერნატორიც მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრის დროს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ქონის უფლება გააკრიტიკა.
ბოლო წლებში აშშ-ის ქალაქებში სროლის შემთხვევები გახშირდა. თავდამსხმელების სამიზნე, ძირითადად, მასობრივი თავშეყრის ადგილებია.