1 მილიარდი ევრო კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისთვის - ფონდ "ქართუს" დაფინანსებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დაიწყო. რამდენიმე წელში საქართველოს მოქალაქეებს ძვირადღირებული მკურნალობა არა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არამედ ქუთაისში, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების დახმარებით შეეძლებათ. ადრონული თერაპია ონკოლოგიური დაავადებების ულტრათანამედროვე მეთოდებით მკურნალობას გულისხმობს, რომელიც სიმსივნურ წარმონაქმნებს ჯანსაღი უჯრედების დაზიანების გარეშე ანადგურებს.
რეგიონული მასშტაბის ცენტრის პრეზენტაციას დაესწრო მთავრობის მეთაურიც და პროექტს ისტორიული უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის.
დღევანდელ პრეზენტაციაზე განათლების მინისტრმა დეტალურად ისაუბრა, თუ რას ნიშნავს ადრონული თერაპია, რა უპირატესობა აქვს მას სიმსივნის მკურნალობაში და რა კვლევების საშუალება ექნებათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, მეცნიერებს და მათ უცხოელ კოლეგებს ახალი ცენტრის ბაზაზე.
ცენტრის მნიშვნელობაზე საუბრობენ უცხოელი მეცნიერები და პროფესორებიც. მათი ნაწილი ღონისძიებას დღეს დისტანციურ რეჟიმში ჩაერთო.
ადრონული თერაპიის ცენტრის უნიკალურობას ორი ციკლოტრონით აღჭურვა განაპირობებს. ერთი ულტრათანამედროვე მეთოდებით სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, ხოლო მეორე მთლიანად სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის იქნება განკუთვნილი. ორივე დანადგარი წამყვანმა ბელგიურმა კომპანიამ ააწყო და ამჟამად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვისა და ტესტირების ფაზაშია.
ადრონული თერაპიის ცენტრი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი იქნება. უნივერსიტეტთან ერთად, ცენტრის მშენებლობაც "ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საქველმოქმედო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, პირობა, რომ განათლების სფეროში 1 მილიარდ ევროს დააბანდებენ, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობით გრძელდება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს. სპეციალისტების თქმით, ცენტრის მშენებლობის დასრულების შემდეგ ის პროტონული თერაპიის მსოფლიოს უმსხვილესი ცენტრების ქსელში იქნება.