27 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მესამე სექტორთან მართავს - რატომ არ ესწრება შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი

კონსულტაციები პარლამენტში - ოპოზიცია მესამე სექტორს ხვდება. პარტიები წარადგენენ საკუთარ ხედვას, თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტი. შეხვედრის მონაწილეებს შორის არ არიან "მოქალაქეები", "გირჩი" და "ევროპელი სოციალისტები". როგორც ირკვევა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კოლეგების ამ ნაწილს შეხვედრის შესახებ არც კი შეატყობინეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მნიშვნელოვანია არასამთავრობოების ხედვა, მათ შორის, იმაზე, თუ რაში ხედავენ ისინი არასაპარლამენტო ოპოზიციის როლს:

"ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ რეალურად დავინახოთ, ვკითხოთ და კონსულტაციები გავიაროთ არასამთავრობო სექტორთან, როგორ ხედავენ ისინი მთელ ამ პროცესს. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ საგანგებო სხდომის რეჟიმზე. მაინტერესებს მათი გეგმები, როგორ უყურებენ ისინი პროცესს, ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, რაში შეიძლება ვიყოთ აქტიურები," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქმიანი ფორმატისა და შინაარსობრივი მსჯელობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმიან ფორმატში შინაარსობრივი მსჯელობა და სამუშაო პროცესი მიმდინარეობდეს ამ 12 პუნქტთან ერთად,"- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში ყველა მხარის მონაწილეობასა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.

"მნიშვნელოვანია მათი აზრი ჩვენთვის, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს სინქრონიზებული პროცესი - აქცია, პროტესტი, პარლამენტში საქმიანობა, არასამთავრობოებთან კოორდინაცია, აქციის ორგანიზატორებთან კოორდინაცია, "ქართულ ოცნებასთან" მათ შორის საერთო თანხმობის მიღწევას ვცდილობთ ჩვენ ამ შეხვედრებზე," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის თქმით, ისინი დეპუტატებს თავის ხედვებს გაუზიარებენ, თუმცა როგორც ის აცხადებს მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორედ პარლამენტის გადასადგმელია:

"მოვედით იმისათვის, რომ ვისაუბროთ 12 პუნქტზე, როგორ წარმოგვიდგენია ამის შესრულება და რა არის კონკრეტულად გასაკეთებელი. ალბათ იქნება შეკითხვები ჩვენს გეგმასთან დაკავშირებით თუ რაში, რას ვგულისხმობთ და დანარჩენი არის პოლიტიკოსების გასაკეთებელი, იმიტომ რომ ამ 12 ნაბიჯში ძალიან ბევრი პარლამენტის გასაკეთებელია," - აღნიშნა ნინო დოლიძემ.

დღის ამბები