სკოლის ნიშნების გამოსწორების იმედი, ციფრულ ეპოქაში მცხოვრები ბავშვების მთავარი პრობლემები - მოზარდ-მაყურებელთა თეატრი ახალგაზრდებს კიდევ ერთ პრემიერას სთავაზობს. სპექტაკლს, "ზღაპარი დაკარგულ დროზე", მაყურებელი რამდენიმე დღეში იხილავს.
"ზღაპარი დაკარგულ დროზე" - ევგენი შვარცის პიესაა. ერთმოქმედებიან სპექტაკლში თანამედროვე სამყაროში მცხოვრები ბავშვების ის პრობლემებია წამოჭრილი, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, მშობლები ყურადღებას არ აქცევენ.
სოციალურ ქსელებში დახარჯული დრო ფუჭად მიაჩნია სპექტაკლის რეჟისორს. სტუდენტი გიორგი ქლაინი მოზარდ-მაყურებელთა თეატრის შემოქმედებით გუნდთან ერთად ბოლო დეტალებს გადის. ახალგაზრდა რეჟისორისთვის ეს სადიპლომო ნამუშევარია, თუმცა მისი მღელვარების მთავარი მიზეზი ბავშვებთან მუშაობაა.
შემოქმედებით გუნდთან ერთად აუდიტორიის წინაშე წარდგენა ორმაგად ამაღელვებელია პატარებისთვისაც, თუმცა იმედს მაინც იტოვებენ, რომ სპექტაკლზე ბევრი მაყურებელი მივა.
ევგენი შვარცის პიესის ახალ ინსცენირებას მოზარდ-მაყურებელთა თეატრი 7 და 8 ივლისს წარმოადგენს. პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.