საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თერაპიის ცენტრის მშენებლობის პროექტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ღირებულება 1 მლრდ ევროა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მოიცავს მსოფლიო დონის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც უკვე აშენებულია თავისი კამპუსით - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მე მინდა რამდენიმე სიტყვით კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის პროექტი განხორციელდა და ხორციელდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდი "ქართუს" მიერ.
ჩვენ, ყველანი დიდი მადლიერებით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოში. ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას ექნება შესაძლებობა, რომ სწორედ აქ, საქართველოში მიიღონ თანამედროვე, ევროპული დონის შესაბამისი განათლება და მართლაც შეიძლება ითქვას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ საქართველოს ექნება მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო კვლევითი სივრცე.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ სივრცეში მოღვაწეობენ ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი, მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა, პროფესორთა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამები. კომფორტული, უსაფრთხო თანამედროვე კამპუსი, სტუდენტური საცხოვრებლები 180 ჰა-ზე განთავსებული ეკოლოგიურად სუფთა, ტყით გარშემორტყმული ეს კომპლექსი, რომელიც თანმიმდევრულად ყალიბება რეგიონში მეცნიერების, განათლების და ტექნოლოგიების წამყვან ცენტრად,"- განაცხადა პრემიერმა.