27 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
ჩაერთვებიან თუ არა ოპონენტები ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ სამუშაო ჯგუფებში - საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა დავით უსუფაშვილის კაბინეტში კონსულტაციები გამართა

როგორ უნდა შეასრულოს ქვეყანამ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და ჩაერთვებიან თუ არა ოპონენტები ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ სამუშაო ჯგუფებში - ამაზე მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხალხი, რომლებიც ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს, სამუშაო ჯგუფების შექმნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა დავით უსუფაშვილის კაბინეტში კონსულტაციები გამართა. 

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი თითქმის 1 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს მათი ჩართულობა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მოწოდებული 12 რეკომენდაციის შესრულებაში. ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ამბობს, რომ ახლა მათი მთავარი ამოცანაა ჩატარდეს რიგგარეშე სესია და მათივე განცხადებით, სწორედ იქ იქნება კანონპროექტებზე მსჯელობა, რომელიც აუცილებელია ქვეყანამ მიიღოს იმისათვის, რომ 6 თვის შემდეგ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს: 

"არსებობს საშინაო დავალების და რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელიც ბრიუსელმა საქართველოს წარმოუდგინა. პირველი, ეს არის რაც არის მიშელის შეთანხმებაში, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, პროკურატურასთან დაკავშირებული კანონი, დეპოლარიზაციის მიმართულებით პოლიტპატიმრების თემა, საკონსტიტუციო ცვლილებები. ანუ მთელი რიგი კანონების, რომელიც სასწრაფოდ რიგგარეშე სხდომებზე შესაძლებელია მიღებულ იქნას, არ სჭირდება ამას გაწელვა და ტყუილები. ჩვენ ამ დღის წესრიგზე ვიმუშავებთ. ხვალ და ამ დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და საზოგადოებას ვაჩვენებთ კონკრეტულად, რა არის გასაკეთებელი, ამას არ სჭირდება 6 თვიანი კომისიების შექმნა," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იაგო ხვიჩია კი, იმ კონკრეტულ პუნქტებს ასახელებს, რომელიც 6 თვის თავზე უნდა იყოს გაკეთებული: 

"დღეს ჩემს კოლეგებს ვთავაზობდი, რომ გვქონდეს პროპორციული არჩევნები. ექვსი თვის თავზე რა უნდა იყოს გაკეთებული - ერთი, უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული და მეორე, ამ პერიოდისთვის მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს საზღვარგარეთ,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები