უზბეკეთში, ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რეგიონში საპროტესტო აქციების დროს, მომიტინგეებისა და სამართალდამცველების დაპირისპირებას სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამასთან, ქვეყნის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პარასკევს და შაბათს რეგიონის დედაქალაქ ნუკუსში მომხდარი არეულობის შემდეგ 516 ადამიანი დააკავეს, თუმცა მათგან ბევრი ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია.
რაც შეეხება გამოსვლებს - რეგიონში პროტესტი გასულ თვეს მას შემდეგ დაიწყო, როცა ხელისუფლებამ, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსისა და მისი უფლებების მნიშვნელოვანი შეკვეცის შესახებ განაცხადა. კერძოდ, რეფორმის ფარგლებში უნდა გაეუქმებინათ გაეუქმებინათ მუხლი, რომელიც ავტონომიურ რესპუბლიკას უზბეკეთის შემადგენლობიდან გასვლის უფლებას აძლევს.
ყარაყალპაკეთის დედაქალაქ ნუკუსში და სხვა ქალაქებში აქციებზე ათასობით ადამიანი გავიდა. ყარაყალპაკეთში შეიზღუდა მობილური და ინტერნეტკავშირი. მოქმედებს კომენდანტის საათი.
საპროტესტო აქციებისა და რეგიონში მასშტაბური არეულობის ფონზე, უზბეკეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში დაანონსებული გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი უცვლელი დარჩება.