27 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
"ვერ მოახერხა მთავრობამ, რომ 11 საათზე შემდგარიყო მთავრობის სხდომა" - აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეისთვის დასახული მიზანი შესრულდა, აქცია დაიშალა

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა. აქტივისტებმა შენობის სამოქალაქო შესასვლელი დატოვეს.

პროტესტი დილიდან დასარტყამი ინსტრუმენტების, სტვენის და განგაშის სიგნალის ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობდა. მათმა ნაწილმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენა. დილით იყო მცირე დაპირისპირებაც, როცა პოლიციამ მათ მოუწოდა დაეტოვებინათ ე.წ პარკინგის ტერიტორია, იქ სადაც ადმინისტრაციის სამანქანო შესასვლელია.

პრემიერ მინისტრი უკვე მივიდა მთავრობის ადმინისტრაციაში, კურიერის კამერამ ირაკლი ღარიბაშვილის მანქანა დააფიქსირა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეისთვის დასახული მიზანი მიღწეულია

"ვერ მოახერხა მთავრობამ, რომ 11 საათზე შემდგარიყო მთავრობის სხდომა, ამიტომ ეს მიზანი პრაქტიკულად მიღწეულია, თუმცა ეს სიმბოლურია. სწორედ ასე უნდა გაგრძელდეს პროტესტი, არა მხოლოდ თბილისში ასევე რეგიონებში. მთავრობას, რომელსაც აღარ აქვს ლეგიტიმაცია, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, როდესაც ხელს უშლის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, დაკარგული აქვს ნდობა საზოგადოების მხრიდან, არ უნდა ჰქონდეს იმის კომფორტი, რომ უტიფრად აგრძელებდეს მუშაობას.

დღეს დამატებით რაიმე შეკრება არ იგეგმება," - აცხადებს მოძრაობა "სირცხვილიას" დირექტორი გიორგი მჟავანაძე.

შეგახსენებთ, მოძრაობა "შინ ევროპისკენ" აქციის მთავარ მოთხოვნას პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობის გადადგომა წარმოადგენდა. აქციის მონაწილეების თქმით, ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისთვის აუცილებელია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ეს მხოლოდ ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებშია შესაძლებელი

დღის ამბები