27 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
პარლამენტის წინ აქცია "შინ ევროპისკენ" მიმდინარეობს - ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტთან ღამეს გაათენებენ

"შინ ევროპისკენ" - ეს კვლავ არის მთავარი გზავნილი პროტესტის, რომელიც უკვე ერთი კვირაა, პოლიტიკური მოთხოვნების და ულტიმატუმის მატარებელია. პირველი ულტიმატუმი შეუსრულებელი დარჩა - ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება. ამჯერად, აქციის მონაწილეები არაძალადობრივი და პრინციპული პროტესტის გაგრძელებაზე საუბრობენ, რაც, სავარაუდოდ, აქციების მეტ ინტენსივობას გულისხმობს.

აქტივისტების ნაწილი დიდი ალბათობით დღეს რუსთაველის გამზირზე დარჩება. მათ უკვე თქვეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში "ქართულ ოცნებას" უნდობლობას უცხადებენ და ისტორიული პოლიტიკური პროცესის სიმულაციაში ადანაშაულებენ.

შეკრებილ დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა მწერალმა ლაშა ბუღაძემ. მისი თქმით, ისინი უფლებას არ მისცემენ "ქართულ ოცნებას", რომ ეს 6 თვეც ისე გაიყვანონ, როგორც აქამდე თვეები და წლები.

"ჩვენი პირობები ცნობილია, ევროკავშირის რეკომენდაციები, 12 პუნქტი ცნობილია და ამის შესახებაც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, ჩვენ ველოდებით ამ პუნქტების ასრულებას, არ გვაქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" ამას გააკეთებს, ჩვენ არ ვენდობით "ქართულ ოცნებას" და ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, რომ გაგვაცურონ, მოგვატყუონ და 6 თვეც ისე გალიონ, როგორც აქამდე ეს თვეები და წლები," - აცხადებს ლაშა ბუღაძე.

მოძრაობა "სირცხვილიას" დირექტორი, გიორგი მჟავანაძე აცხადებს, რომ მოსახლეობა აქციაზე მომზადებული უნდა მოვიდეს, რადგან დემონსტრანტებს დღევანდელი ღამის პარლამენტის წინ გათენება მოუწევთ.

"მოქალაქეებს მივმართავ, მზად იყვნენ იმისთვის რომ დღეს აქ ჩვენ ერთი ღამის გათევა მოგვიწევს და ამას ექნება ძალიან კონკრეტული მიზანი, რომელსაც ჩვენ აქციის განმავლობაში მოქალაქეებს გავაცნობთ. ამიტომ მოვიდნენ მომზადებულები, რაც შეიძლება ღამის გასათევად დასჭირდეთ, ეს იქნება სამოსი, საკვები, წყალი თუ ა.შ, იყვნენ მზად, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ - ვირჩევთ ევროკავშირს და ვირჩევთ ევროპულ მომავალს და ამასთანავე ვაცხადებთ რომ ამ არჩევნის დაცვისთვის მზად ვართ, ჩვენ უნდა გავიღოთ გარკვეული ძალისხმევა ამისთვის," - თქვა მჟავანაძემ.

ავტორი : სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები