27 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
"ვაფასებთ მთავრობის ჩართულობას იმაში, რომ ფიზიკურ ან სამართლებრივ პირს საქართველოს გავლით არ აქვს ბიზნესის წარმართვის საშუალება რუსეთთან" - ჩეხეთის ელჩი

ჩეხეთის ელჩმა პეტრ მიკისკამ საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე და ევროპელი ლიდერების მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ელჩის განცხადებითვე, აფასებენ საქართველოს მთავრობის ჩართულობას, რომ ფიზიკურ ან სამართლებრივ პირს საქართველოს გავლით არ აქვს ბიზნესის წარმართვის საშუალება რუსეთთან.

"მე არ მინახავს პირდაპირი კრიტიკა ქართული მთავრობის მიმართ, რადგან ჩვენ გვესმის საქართველოს სიტუაცია. გვესმის რატომაც შეიძლება იკავებდეს საქართველოს მთავრობა სანქციების დაწესებისგან თავს. ასევე, გვესმის მთავრობის ქმედების მოტივები," - განაცხადა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ჩეხეთის ელჩმა პეტრ მიკისკამ.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ისინი ენდობიან საქართველოს მთავრობას, რომ საქართველოს გავლით რუსეთში, ვერავინ აწარმოებს ბიზნესს, თუმცა მისი თქმით, ამის მცდელობები იყო.

"ვაფასებთ მთავრობის ჩართულობას იმაში, რომ ფიზიკურ ან სამართლებრივ პირს საქართველოს გავლით არ აქვს ბიზნესის წარმართვის საშუალება რუსეთთან და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ამგვარი მცდელობები აღკვეთოს და ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ამგვარი მცდელობები, შესაბამისად, ჩვენ ვენდობით ამ შემთხვევაში მთავრობას," - განაცხადა ჩეხეთის ელჩმა.

დიპლომატმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივაზე და აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა.

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველო ევროკავშირში. საქართველოსთან მრავალწლიანი ურთიერთობა გვქონდა არა მხოლოდ ჩეხეთს, არამედ ევროკავშირსაც. საქართველო არის ევროპული ქვეყანა, ამიტომ მოდი ვიმუშაოთ ერთად, რომ ვიხილოთ საქართველო ევროკავშირში," - განაცხადა პეტრს მიკისკამ.

ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესრულების ერთადერთი გზა ერთობლივი მუშაობაა.

"რეკომენდაციები არის საკმაოდ ლოგიკური და ეს არის როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და მთლიანად მოსახლეობის ამოცანა. თუ ყველას სურს, რომ საქართველომ მიაღწიოს ევროკავშირის წევრობას, მაშინ ერთობლივი ძალისხმევაა აუცილებელი. არ უნდა ხდებოდეს შეურაცხყოფები ან თავდასხმები კონკრეტულ ჯგუფებზე, დაუსაბუთებელი განცხადებები არ უნდა გაკეთდეს. ყველამ უნდა იმუშაოს ერთობლივად. ამას გულისხმობს დეპოლარიზაცია,"- განაცხადა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ჩეხეთის ელჩმა პეტერ მიკისკამ.

დღის ამბები