ოდესა, სერგეევკა, გლოვის დღე და ადგილი, სადაც ბოლო მონაცემებით 21 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა. მიზეზი რუსეთის არმიის სარაკეტო იერიშია. იქ, სადაც არც სამხედრო ობიექტი იყო განთავსებული და არც საბრძოლო მოქმედებების ზონა იყო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ეს უკვე მეორე მასშტაბური თავდასხმაა მშვიდობიან მოქალაქეებზე. ისევე როგორც კრემერჩუკის სავაჭრო ცენტრის აფეთქების შემდეგ, დღესაც უკრაინის პრეზიდენტი ცივილიზებულ მსოფლიოს კიდევ ერთხელ მოუწოდებდა, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ გამოაცხადონ.
კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი, რომელიც დაიბომბა, ხერსონშია. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ არსებობს. ხერსონისგან განსხვავებით, მონაცემები დათვლილია სლავიანსკის კასეტური ჭურვებით დაბომბვის შემდეგ. იქ 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. 5 დაშავებულია საარტილერიო შეტევის შედეგად ბახმუტში. მათგან ერთი 11 წლის მოზარდია. მძიმეა ვითარება ლისიჩანსკში, სადაც რუსული არმიის ამოცანა ქალაქის ალყაში მოქცევაა. ჯერჯერობით ამის მიღწევას ვერ ახერხებენ, თუმცა მოქალაქეების ევაკუაცია ყოველდღე უფრო რთული ხდება. ოკუპანტი პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს ხარკოვშიც.
რაც შეიძლება მეტი შეიარაღება საჰაერო თავდაცვისთვის და საარტილერიო იერიშების შესაკავებლად - ეს ყოველდღიურად უკრაინის პირველი პირების მთავარი თხოვნა და მოწოდებაა პარტნიორების მიმართ. სამხედრო დახმარების ნაწილი უკვე მიიღეს, რასაც საბრძოლო მოქმედებებში უკვე იყენებენ ეფექტურად. მათ შორის ვრცელდება კადრები ამერიკული ჰაიმარსების გამოყენებით წარმოებული ოპერაციების შესახებ. სწორედ პარტნიორების მიწოდებული იარაღის, მათ შორის საფრენი აპარატების გამოყენებით უკრაინამ კონტროლი დაამყარა სტრატეგიულად მნიშვნელოვან კუნძულ "ზმეინზე".
დამატებით საჰაერო თავდაცვის და საარტილერიო სისტემებით მომარაგებას, 810 მილიონი დოლარი მოხმარდება, რომელიც შტატებმა დახმარების მე-14 პაკეტის ფარგლებში უკვე გამოყო.
სამხედრო დახმარების მოცულობა ეტაპობრივად იზრდება, თუმცა პარალელურად მატულობს რისკებიც. მათ შორის ეს ეხება ბელარუსიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეს. ქვეყნის 13 საწვრთნელ პოლიგონზე კიდევ ერთი კვირით გაახანგრძლივეს მრავალკომპონენტიანი სამხედრო სწავლებები, რომელიც გუშინ უნდა დასრულებულიყო. ლუკაშენკოს მთავრობა ირწმუნება, რომ ომში ჩაბმას არ აპირებენ, თუმცა უკრაინაში ამ სცენარს არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ჩრდლოეთ საზღვრებზე თავდაცვით ზომებს აძლიერებენ.