სოფელი განჯალა დღეს თანასოფლელების დაპირისპირების ადგილი იყო. ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილი სოფლიდან იმ ოჯახების გასახლებას ითხოვს, რომელთა წევრებმა 68 წლის მამაკაცი სასტიკად აწამეს.
ადგილობრივები იმ ოჯახების წინააღმდეგ გაერთიანდნენ, რომელთა წევრებიც პენსიონერი მამაკაცის ცემის გამო დააკავეს. სოფლის მცხოვრებლები განჯალაში ბრალდებულების სახლებთან მივიდნენ, რასაც დაპირისპირება და ხმაური მოყვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.
ძალადობაში ბრალდებული ახალგაზრდების ოჯახებს ასამდე თანასოფლელმა გასახლება და იმ ადამიანების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების გამოტანა მოსთხოვა, რომლებიც მოხუცის ცემისთვის ახალგაზრდებს დაკავებამდე გაუსწორდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შურისძიებით იმუქრებიან და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.
68 წლის კაცს ყვარლის ტყეში ახალგაზრდები თანხის გამოძალვის მიზნით რამდენიმე დღის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთი მათგანი არასრულწლოვანია, მეორე კი 25 წლის ნასამართლევი პირი, რომელიც დაზარალებულის მეზობელ სოფელში ცხოვრობს.
თანასოფლელების მოთხოვნა გაუგებარია ბრალდებულის მამისთვის. ოჯახი სოფლის დატოვებას არ აპირებს.
ძალადობის ამსახველი კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა, სადაც ჩანს, ახალგაზრდები შუა ხნის მამაკაცს როგორ უსწორდებიან, ამცირებენ და კადრებს უღებენ. 8 ათასი ლარის გამო სასტიკად ნაცემი მოხუცი ახალგაზრდებმა ტყეში მიაგდეს და შემთხვევის ადგილი დატოვეს.
პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი რამდენიმე მუხლით წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნაცემ მამაკაცს დაკავებულებმა თანხაც გამოსძალეს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდათ. გამოძიება გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 68 წლის მამაკაცის სასტიკ ცემაში ბრალდებულებს მაქსიმალურ სასჯელად 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.