27 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
იერიში მძინარე ქალაქზე და ნანგრევებად ქცეული 9 სართულიანი კორპუსი ოდესის ოლქში - დაღუპულებს შორის არიან ბავშვები, მძიმე დაზიანება მიიღო 38-მა მოქალაქემ

21 დაღუპული, აქედან ორი ბავშვი - ასეთი სისხლიანი კვალი დატოვა ოდესის ოლქში დასასვენებელ სახლზე ნასროლმა რაკეტებმა, თუმცა ეს ყველაფერი არაა. აფეთქების შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო 38-მა მოქალაქემ, რომელთა შორის ასევე არიან არასრულწლოვნები. ნანგრევებიდან ამოიყვანეს კიდევ სამი ბავშვი, ყველა მათგანი უმძიმესი დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.

სტრატეგიულ ბომბდამშენ ტუ-22-დან გამოშვებული სამი რაკეტიდან ერთი 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსსაც მოხვდა, დაღუპულების ნაწილი სწორედ იქ ცხოვრობდა, ადგილზე მისულმა მაშველებმა მხოლოდ 8 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მძინარე ადამიანების დახოცვის გამო ზელენსკის ადმინისტრაცია მოსკოვს საპასუხო დარტყმით დაემუქრა. "ელოდეთ პასუხს, ლოდინი დიდხანს არ მოგიწევთ" - განაცხადა არესტოვიჩმა.

ახალგაზრდა ქალმა მცირეწლოვან შვილთან ერთად ნანგრევებში რამდენიმე საათი გაატარა. მათ გადარჩენა სამაშველო ოპერაციაში მძიმე ტექნიკის ჩართვის შემდეგ მოხერხდა.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ვარაუდობენ, რომ გაწმენდით სამუშაოს შემდეგ მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნება. 

სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ოკუპანტები ანადგურებენ ხარკოვშიც. საბავშვო ბაღი, პანსიონატი და საცხოვრებელი კორპუსი - ეს ქალაქზე ღამის საათებში განხორციელებული თავდასხმის შედეგად განადგურებული ობიექტების ჩამონათვალია. აკრძალულ შეიარაღებას აგრესორი სლავიანსკშიც იყენებს.

მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში იზრდება ლისიჩანსკის შემოგარენში, რომლის ალყაში მოქცევასაც ოკუპანტები უკვე თითქმის ორი კვირაა ვერ ახერხებენ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგე შეტევას სამხრეთიდან და დასავლეთიდან პარალელურ რეჟიმში ცდილობს, რაც შეიარაღებული ძალებისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა.

რთულია ვითარება სევეროდონეცკში. აქ ოკუპანტებმა ე.წ. მთავრობის ფორმირება დაიწყეს, თავად კი ადგილობრივების განცხადებით, ქალაქს ანადგურებენ და მოსახლეობას ატერორებენ. კიევის უკანასკნელი მონაცემების თანახმად, 4 თვიანი წინააღმდეგობის შედეგად სევეროდონეცკის 90 პროცენტი მიწასთან არის გასწორებული.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულზე 20 000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ შორის უმეტესობა სექსუალური ხასიათის ძალადობას ეხება. 

 

დღის ამბები