27 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ინციდენტს წინ სავარაუდო თაღლითობის ფაქტი უძღოდა

მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტს წინ სავარაუდო თაღლითობის ფაქტი უძღოდა. დაპირისპირების მიზეზი კი ქუთაისში მდებარე ბინა გახდა, რომელიც ჯემალ კაშიამ გივი ხურციძეს მოტყუებით მიაგირავა და 5 000 დოლარი გამოსძალა. ბინაში მალე რეალური მეპატრონე გამოჩნდა და ჯარისკაცის ოჯახს, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ფართის დაცლა მოსთხოვა.

"კურიერის" მიერ მოპოვებული საქმის მასალებით ცნობილი ხდება, რომ ბინა, რომელიც საჰაერო თავდაცვის ძალების ყოფილმა ჯარისკაცმა საკუთარ ნათესავ სამხედროს მიაქირავა, სინამდვილეში სხვისგან ჰქონდა დაქირავებული და ქირის ფულსაც არ იხდიდა. 

როგორც აღმოჩნდა, კაშია ბინის მესაკუთრე არასდროს ყოფილა. სინამდვილეში მის ოჯახს ფართი მესამე პირისგან ჰქონდა დაქირავებული და იმის გამო, რომ თანხას არ იხდიდა, მეპატრონემ ბინის დაცლა მოითხოვა. გივი ხურციძეს მცირეწლოვან შვილებთან ერთად ფართის დატოვება მოუწია.

სავარაუდო თაღლითობა მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. დაზარალებულმა საკუთარი ნათესავისგან მოტყუებით მითვისებული 5 000 დოლარის დაბრუნება მოითხოვა, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. პროკურატურამ საქმის ამ ეპიზოდზე ძალადობის მუხლით ბრალი ორივე მხარეს - დაზარალებულს და სავარაუდო თაღლითობის ავტორსაც წარუდგინა. გივი ხურციძე არ უარყოფს, რომ საკუთარ ნათესავთან ფულის გამოძალვის გამო ჩხუბი მოუვიდა.

თაღლითობასა და ძალადობაში მხილებული ჯემალ კაშია კი მომხდარში პოლიტიკურ მოტივს ხედავს. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, ის ირწმუნება, რომ პროვოკაცია მოუწყვეს და ამ მეთოდით შეზღუდეს უკრაინაში საომარ მოქმედებებში მისი მონაწილეობა.

საქმეზე გამოძიება თაღლითობისა და ძალადობის მუხლებით გრძელდება. პროკურატურა ბრალდებულებისთვის არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას ითხოვს და სასამართლოს გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

დღის ამბები