27 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
3 ივლისის აქციისთვის მზადება რეგიონებში ადგილობრივებთან დაპირისპირების ფონზე გრძელდება - აქტივისტებს და ოპოზიციას აგიტაცია დღესაც სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე უწევდათ

დღე მეორე, ხმაური, გინება და გაწევ-გამოწევა საქართველოს რეგიონებში დღესაც განმეორდა - 3 ივლისის აქციისთვის აგიტაცია აქტივისტებს და ოპოზიციის წევრებს ისევ სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე უწევდათ. ყველაზე ხმაურიანი დღეს კახეთი იყო. ყვარელში ჩასულ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მმართველი პარტიის მხარდამჭერები და ადგილობრივების ნაწილი ტერიტორიის დატოვებას სთხოვდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. კახელები გუშინდელის მსგავსად დღესაც ერეკლე მეფეს იცავდნენ.

სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე არიგებდა აქციის სააგიტაციო ფლაერებს გიგი უგულავაც. ფოთის ბაზარში შესულ პოლიტიკოსს აქაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ, თუმცა ხმაურს ფიზიკური დაპირისპირება არ მოჰყოლია.

საქართველოში დღეს 3 ივლისის აქციის მოსამზადებელმა შეხვედრამ მშვიდად მხოლოდ ორ ლოკაციაზე - ჩხოროწყუსა და ქუთაისში ჩაიარა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ აგიტაციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გარეშე ატარებდნენ.

საქართველოს დედაქალაქში დღეს შეხვედრები მოსახლეობასთან არ ყოფილა, თუმცა გამოკითხვაზე დაიბარეს გუშინ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ინციდენტში მონაწილე სტუდენტები. მათ ნაწილს ფლაერების დარიგების დროს უცნობმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, პოლიციამ კი საქმე ძალადობის მუხლით აღძრა. გახშირებული ინციდენტების გამო ოპოზიცია ხელისუფლებას პასუხისმგებლობას აკისრებს, მმართველი გუნდი კი ოპონენტებს პოლარიზაციის გაღრმავებაში ადანაშაულებს. პოლარიზაციის დეპოლარიზაციას, როგორც ჩანს ქართული პოლიტიკური სპექტრი ჯერ არ აპირებს.

3 ივლისის აქციაზე მობილიზაციისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დღეს ყვარელშიც ჩავიდნენ. გიორგი ბოტკოველს და პეტრე ცისკარიშვილს მმართველი პარტიის მხარდამჭერებთან ერთად ადგილობრივები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და ფლაერების დარიგების შესაძლებლობაც არ მისცეს. ისინი განსაკუთრებით ერეკლე II-ის შეურაცხყოფამ გააღიზიანა.

თელავში კი ხმაური ასევე აქციის საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებამ გამოიწვია. "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ადგილზე მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულეს და წარსული შეახსენეს.

შედარებით მშვიდად წარიმართა შეხვედრა, თუმცა შელაპარაკება მაინც მოხდა ჩხოროწყუში, სადაც ფლაერებს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიგებდნენ. ადგილობრივებმა ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობის გამო გააკრიტიკეს.

რეგიონებში მიმდინარე სიტყვიერ დაპირისპირებებს დღეს პოლიტიკოსები თბილისშიც გამოეხმაურნენ. ოპოზიცია პროცესებზე სრულ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ ფორმით მმართველი პარტია საზოგადოების დაშინებას ცდილობს.

"ქართული ოცნება" კი, თავის მხრივ, მსგავსი პროცესებით პოლარიზაციის გაღრმავებაში ოპოზიციას ადანაშაულებს. პარტიის თავმჯდომარემ დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე საჯარო მოხელეების ინციდენტებში მონაწილეობის შესახებაც ისაუბრა.

დღის ამბები