"ტვ პირველის" დამფუძნებელი გუშინდელ დღეს კიდევ ერთხელ იხსენებს და "ქართული ოცნების" 4 დეპუტატს ფიზიკურ თავდასხმაში ადანაშაულებს. წერეთელი არაფერს ყვება, რა უძღოდა წინ კონფლიქტს და ამბობს, რომ პარლამენტის წევრები მას მოულოდნელად დაუპირისპირდნენ.
კადრების გასაჯაროებას ითხოვს ანრი ოხანაშვილიც. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გუშინ საღამოს, საელჩოს საზეიმო ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტს დეტალურად იხსენებს და მას მძიმე პროვოკაციას უწოდებს. ოხანაშვილი ყვება, რომ პირველმა სიტყვიერი შეურაცხყოფა ვატო წერეთელმა მიაყენა, დეპუტატსა და ტელევიზიის მფლობელს შორის ფიზიკური დაპირისპირება, მისივე თქმით, სწორედ ამას მოჰყვა.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. ინციდენტის მთავარი მონაწილეების მსგავსად ოხანაშვილის და წერეთლის თანმხლები პირებიც განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობენ. მმართველი გუნდის დეპუტატები, რომლებიც დაპირისპირებას შეესწრნენ, დარწმუნებული არიან, რომ წერეთელი წინასწარ განზრახული მიზნით მოქმედებდა. ამას "ტვ პირველის" აღმასრულებელი დირექტორი უარყოფს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ვატო წერეთლისთვის სახელისუფლებო გუნდის დეპუტატების ქცევა მოულოდნელი იყო.
ინციდენტის უშუალო მონაწილეების და თვითმხილველების გარდა, მომხდარს აფასებენ ოპოზიციაში. პარტიების ნაწილი უმრავლესობის დეპუტატს ბოდიშის მოხდას ურჩევს.
"ლელოსა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" აქცენტს მმართველი პარტიის მხრიდან ძალადობის წახალისებაზე აკეთებენ.
ბრალდებას ბრალდებით პასუხობენ "ქართულ ოცნებაში" და ამბობენ, რომ ძალადობის პროვოცირება წერეთლის მხრიდან მოხდა და რომ ოხანაშვილმა პასუხი კანონის და ეთიკის ფარგლებში გასცა.
ორივე მხარის მზაობის მიუხედავად, ამერიკის საელჩოს მის ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები არ გაუვრცელებია. თუმცა მათ მიერვე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მომხდარს სწავლობენ.