27 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
გეგმა ბრიუსელის 12 პუნქტის შესასრულებლად - მმართველი გუნდი პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად ოპოზიციას, არასამთავრობოებს და მედიას მორატორიუმს სთავაზობს

გეგმა, რომლითაც 12-ვე პუნქტთან დაკავშირებით კონკრეტული ვადები და კონკრეტული სუბიექტების ჩართულობა გაიწერა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეთანხმდა.

"ქართული ოცნების" სტრატეგიის მიხედვით, ევროკომისიის რეკომენდაციების შემუშავებისთვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელიც კონკრეტულ საკითხებზე იმუშავებენ. შეიქმნება საკანონმდებლო ინიციატივებიც, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო მიმართულებაზე. საპარლამენტო პარტიებთან ერთად პროცესში ჩართული უნდა იყოს სამოქალაქო სექტორი და აღმასრულებელი ხელისუფლებაც.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ყველა პუნქტის წინაპირობა ევროკომისიის პირველი მოთხოვნაა დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით, რომლის მისაღწევად, ირაკლი კობახიძემ დღეს ოპონენტებს კონკრეტული ფორმატიც შესთავაზა.

პოლიტიკურ შეთავაზებებს მმართველი გუნდის ოპონენტებმა მალევე უპასუხეს უარით. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის არგუმენტი ხელისუფლების მიმართ მათი უნდობლობაა. მათი ნაწილი ამბობს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები ტექნიკურმა მთავრობამ უნდა შეასრულოს.

ოპონენტების რიტორიკაზე მორატორიუმის გამოცხადების იდეა არ მოსწონთ იმ პარტიებშიც, რომლებიც მმართველი გუნდის დღევანდელ სამოქმედო გეგმას იწონებენ და თანამშრომლობასაც გეგმავენ.

ბურთი ახლა ოპოზიციის მხარესაა - მიაჩნიათ "ქართულ ოცნებაში", სადაც ამბობენ, რომ რეფორმების განხორციელებაზე უარით მათი ოპონენტები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ევროპული მომავლის წინააღმდეგნი არიან.

როგორ შესრულდება ევროკომისიის რეკომენდაციები? - კონკრეტული დრო, 6 თვე ევროსტრუქტურამ უკვე გაწერა. 12 პუნქტზე მუშაობის ვადები გაწერა "ქართულმა ოცნებამაც", თუმცა მმართველ ძალასთან თანამშრომლობაზე ოპოზიციის დიდი ნაწილი უარს აცხადებს​.

დღის ამბები