27 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
"დეპოლარიზაცია არ არის მარტივი საკითხი, მხოლოდ ერთ მხარეზე არ არის დამოკიდებული ამ პუნქტის შესრულება და საჭიროებს ორივე მხარის ჯანსაღ მიდგომას" - ირაკლი კობახიძე

ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში რომ პასუხისმგებლობა მხარეებს თანაბრად ეკისრებათ, მმართველი გუნდის ლიდერის მხრიდან დღე არაერთხელ ითქვა.  ირაკლი კობახიძემ რეკომენდაციების შესრულების გეგმის წარდგენისას ყურადღება იმაზე გაამახვილა , რომ დეპოლარიზაციის მისაღწევად ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ ოპოზიციას ეკისრება.

"დეპოლარიზაცია არ არის რა თქმა უნდა მარტივი საკითხი, მით უმეტეს, რომ მხოლოდ ერთ მხარეზე არ არის დამოკიდებული ამ პუნქტის შესრულება და საჭიროებს ორივე მხარის ჯანსაღ მიდგომას. ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ არის სერიოზული სირთულეები ამ კუთხით. იმედი გვაქვს, რომ ეს სირთულეები დაიძლევა. ორივე მხარე უნდა იყოს თანაბრად დაინტერესებული დეპოლარიზაციით, რომ ეს პუნქტი სრულფასოვნად შესრულდეს.

სწორედ ჩვენი ძალისხმევით შესრულდა ჯერ 8 მარტის შეთანხმება 2020 წელს, შემდეგ 19 აპრილის შეთანხმება 2021 წელს, რომ არა ჩვენი ინიციატივები დ ჩვენი აქტიური ქმედებები, არცერთი შეთანხმება არ გაფორმდებოდა, თუმცა თქვენ გახსოვთ შეთანხმების შემდეგაც როგორი იყო მათი დამოკიდებულება, განსაკუთრებით 19 აპრილის შემდეგ, 100 დღის განმავლობაში მათ არ მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ხელს ვუწვდით ოპოზიციას, რაც შეეხება ოპოზიციის პასუხს ამაზე, არ ვიცი შეიძლება თუ არა ჩვენ გვქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, კონკრეტული ფორმატებია შეთავაზებული კონკრეტული ვადებით და რა თქმა უნდა ამ ფორმატებისა და ვადების შესაბამისად ყველა უნდა იყოს ჩართული პროცესში, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები