27 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია - "ქართულმა ოცნებამ" შესაბამისი გეგმა წარადგინა

როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია? "ქართულმა ოცნებამ" გეგმა დღეს წარადგინა. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ითქვა, მთავარი პირობა დეპოლარიზაციაა და მისი შემცირება დანარჩენი 11 პუნქტის შესრულების საფუძველია.

ნომერ პირველი პრობლემის მოგვარებისთვის კი მმართველი გუნდის გეგმით პარლამენტის ბაზაზე მონიტორინგის ჯგუფი უნდა შეიქმნას.

ჯგუფში უნდა გაწევრინდნენ საერთაშორისო პარტნიორები, ყველა საპარლამენტო პარტიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ჯგუფმა ყოველკვირეული ანგარიში უნდა წარადგინოს.

"დათქმების პირველი პუნქტი უნდა განვიხილოთ როგორც ერთგვარი საფუძველი დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად შესასრულებლად. პოლიტიკური პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომელიც განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს.

დეპოლარიზაციის კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, მათ სამართლიან და ჯანსაღ დამოკიდებულებას მაპოლარიზებელი ქმედებების მიმართ.

პირველი პუნქტების შესრულების კოორდინაციას უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების ყოვლისმომცველ შეფასებას და მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან უკვე შექმნილია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში განაახლებს მუშაობას და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე მოამზადებს როგორც სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, ისე შესაბამისი კანონპროექტის პაკეტს.

შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდაციის კონცეფციას, რაც წინადადებებს სპეციალური სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველსაყოფად.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე. სამუშაო ჯგუფი 1 ნოემბრამდე მოამზადებს არსებული მდგომარეობის სიღრმისეულ შეფასებას და შეიმუშავებს წინადადებებს ხარვეზების გამოსწორებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერების თაობაზე.

მე-7, მე-8, პუნქტები სათანადო მედია გარემოს უზრუნველყოფენ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირება.

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საქართველოს პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა, სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და გენდერული თანასწორობის საბჭო წარმართავენ აქტიურ სამუშაო პროცესს, რათა მომზადდეს საკანონმდებლო წინადადებები გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის პირობების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ეფექტიან ჩართულობას. გარდა ამისა უზრუნველყოფილი იქნება ჩართულობის ეფექტიანი მექანიზმების შენარჩუნება ევროკავშირის პირობებზე მუშაობის დასრულების შემდეგაც.

მე-11 პუნქტი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება ქართული სასამართლოს მიერ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების პროცედურების გათვალისწინებით შესაბამის კანონპროექტს მოამზადებს და პარლამენტს ინიციატივის წესით წარუდგენს 1 სექტემბრამდე. საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის და შესაბამისად, მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები