27 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ყოფილი "მიხაილოვის" საავადმყოფოს ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აშენდება​

თბილისის ისტორიულ უბანში, ყოფილი "მიხაილოვის" საავადმყოფოს ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აშენდება. საუბარია არა მხოლოდ მუზეუმზე კლასიკური გაგებით, არამედ კულტურის ახალ, თანამედროვე კერაზე, რომელიც აღჭურვილი იქნება საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საბიბლიოთეკო, საგამომცემლო, საგამოფენო და დასასვენებელი ფუნქციებით. 

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პროექტის კონცეფციის ავტორი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი, მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთა შორის ცნობილია, როგორც თანამედროვე ხელოვნების ექსპერტი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის, მათ შორის, მარსელ დუშანის პრემიისა და გერლენების მხატვრობისა და გრაფიკის პრემიების ჟიურის წევრი, გამომცემელი, კოლექციონერი და ფილანტროპი.

საქვეყნოდ აღიარებულია თანამედროვე მხატვრობის მისი კოლექციაც, რომლის ბირთვიც გერმანელი ექსპრესიონისტების ნამუშევრებია. კოლექცია მდიდარია თანამედროვე ქართული მხატვრობის ნიმუშებითაც. შალვა ბრეუსს დაფუძნებული აქვს საკუთარი სახელობის საერთაშორისო ფონდი, რომლის მიერ დაარსებული კანდინსკის პრემიაც, ბრიტანული ტერნერისა (Turner Prize) და ფრანგულ მარსელ დუშანის (Marcel Duchamps Prize) ჯილდოებთან ერთად, თანამედროვე ხელოვნების მსოფლიოს 3 წამყვან პრემიას წარმოადგენს.

ბიზნესმენი დიდი ხანია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის უნიკალურ პროექტზე მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად მუშაობს. ასევე, წლებია, მიმდინარეობს მუზეუმისთვის ადგილის შერჩევა. განიხილებოდა ვენეციის, მოსკოვის, ბრიუსელისა და თბილისის არქიტექტურულად საინტერესო ადგილები და ძეგლები, მაგრამ ბრეუსმა არჩევანი თბილისზე გააკეთა.

"მე დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, მიყვარს საქართველო, მიყვარს ხელოვნება და ამ ორი ვექტორის გადაკვეთის ემოციამ გადამაწყვეტინა, პროექტი  თბილისში განმეხორციელებინა," - აღნიშნა შალვა ბრეუსმა.

მის სახელს უკავშირდება არაერთი საქველმოქმედო პროექტი საქართველოში, რომელთა შორის აღსანიშნავია ნეველის სახელობის  ეკლესიის რესტავრაცია აბასთუმანში და ნესტეროვის მიერ დაწერილი უნიკალური ფრესკების გადარჩენა; ბათუმში, სამების მთაზე წმინდა სამების საეკლესიო კომპლექსის აშენება, რომელიც უკვე იქცა ქალაქის სავიზიტო ბარათად და რომლის გამოც იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უმაღლესი საეკლესიო ორდენით, წმინდა გიორგის ჯვრით დააჯილდოვა. მის სახელს უკავშირდება საქართველოში საეკლესიო მოზაიკის დაკარგული ტრადიციის აღდგენაც.

"ასეთი ადამიანი სჭირდება დღეს ქართველ ხალხს" - ამ სიტყვებით აფასებს მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე შალვა ბრეუსს და ამბობს, რომ შალვა ბრეუსმა გადაწყვიტა ამ პროექტით საქართველოს ისეთი რამ გაუკეთოს, რაც მთელ მსოფლიოში სამარადისოდ გაუთქვამს სახელს თბილისს და ზოგადად, ქვეყანას.

"შალვა ბრეუსს 10 თეთრი არ უშოვია საქართველოში. ფული იშოვა რუსეთში, თავისი ჭკუით, თავისი გონებით. ამ უნიჭიერესმა კაცმა, დიდმა მეცნიერმა, დიდმა საზოგადო მოღვაწემ, საოცარმა პიროვნებამ, როგორი ხალხიც სჭირდება დღეს ჩემს ერს და რომელიც სანთლით არის საძებნელი, გადაწყვიტა, საქართველოს გაუკეთოს ისეთი რამ, რაც სამარადისოდ მთელ მსოფლიოში გაუთქვამს სახელს ჩვენს თბილისს და ჩვენს ერს. რაც მთავარია, ეს პირველი და უკანასკნელი არ არის. ამ კაცმა, რამდენიმე ხნის წინ სამების ეკლესია აჩუქა ქალაქ ბათუმს და საქართველოს. სამების ეკლესია - ეს არის შედევრი. შიგნით რომ შევედი ამ ეკლესიაში, მე მაგალითად მუხლებზე დავიჩოქე და ღმერთს მადლობა ვუთხარი, რომ ასეთი შედევრი ვნახე. ეს არის უკანასკნელ,ი რაც შეიძლება იყოს მოზაიკაში გაკეთებული: ხატები, ნახატები, ღვთიური ქმნილებები“, - ამბობს გივი სიხარულიძე.

4 მარტს, ობიექტისთვის უკვე მეოთხე აუქციონზე "მიხაილოვის" ყოფილი საავადმყოფოს შენობა შალვა ბრეუსის ფირმამ, შპს "ჰანსამ" 16 მილიონ ლარად  შეიძინა. პრეტენდენტები აუქციონზე არ ყოფილან, რადგან პროექტი იმთავითვე ობიექტის კულტურულ დანიშნულებას ითვალისწინებდა და ბიზნესმენებისთვის კომერციულად საინტერესო არ აღმოჩნდა. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კაფეები და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, რისთვისაც 5 წელიწადში არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

"ეს მუზეუმი იქნება ქართული სულიერების აღზევება, რომელიც შეაყვარებს ახალგაზრდობას მსოფლიოს ყველა მხატვარს, როგორც მოდერნისტებს, ისე ძველ მხატვრებს. ეს იქნება კლასიკური ნიმუში, რომლის მაგალითზე უნდა გაიზარდოს ჩვენი, ქართველი ახალგაზრდობა. ეს არის კაცი მოღვაწე - ეროვნული ღირსებით დაჯილდოებული კაცი, რომლის დედა არის შალვა იოსელიანის შვილიშვილი. საქართველოში ერთ-ერთი დიდი ვაჟკაცის და რაინდული თვისებების მატარებელი კაცის. ის ამაყობს ამით და თუკი რამე შეუძლია, ყველაფერს საქართველოს უკეთებს," - აღნიშნა გივი სიხარულიძემ.

ხელოვნების არცერთი მუზეუმი მსოფლიოში არ არის და ვერ იქნება მომგებიანი. ეს არის წმინდა სოციალური და კულტურული ტვირთის მატარებელი პროექტი, რომელშიც 5 წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება. ასევე, შენარჩუნდება "მიხაილოვის" საავადმყოფოს ისტორიული ძეგლის იერსახე და ისტორიული პარკის მწვანე საფარი. პროექტის ავტორი ამ სირთულის გადაჭრას კონკურსში მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორების ჩართვით აპირებს. ამ მიზნით კონკურსი უკვე გამოცხადებულია და ივლისში საქართველოს მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული და საუკეთესო არქიტექტორების ჯგუფი ეწვევა, რომლებიც ობიექტს ადგილზე გაეცნობიან და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურაზე დაიწყებენ მუშაობას.

დღის ამბები