27 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
"მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში" - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველო ნატო-ს ძლიერი პარტნიორია, შეერთებული შტატები და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს, რათა მიღწეული იქნეს პროგრესი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

დიპლომატის განცხადებით, სამუშაო, რომლის შესრულება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უწყობს ხელს, ასევე სარგებელს მოუტანს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს.

"საქართველო ნატოს ძალიან ძლიერი პარტნიორია, ამას ისიც ადასტურებს, რომ მადრიდის სამიტზე მაღალი დონის დელეგაცია იყო წარმოდგენილი, ეს იყო იმის დემონსტრირება, თუ როგორი ერთიანი და ძლიერია ნატოს ალიანსი, რუსეთის სასტიკი ომის პირისპირ. ეს იყო ნატო-ს ამოცანის ხელახლა დადასტურება, რომელიც არის თავდაცვითი ალიანსი და ის მიმართულია მშვიდობისა და სტაბილურობის წინ წაწევისკენ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთაც. ეს სამიტი ასევე იყო შესაძლებლობა, საქართველოსთვის განხილულიყო ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას. ბევრი მათგანი არის ისევ ის რეფორმები, რომელთა განხორციელებასაც ითხოვს ევროკავშირი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ასე რომ, სამუშაო, რომელიც შესრულდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ წინ წასაწევად, ასევე მოუტანს სარგებელს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, რადგან ეს არის იგივე პოლიტიკური და დემოკრატიული რეფორმები.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს სამხედრო სტანდარტები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს და ასევე პოლიტიკური სტანდარტებიც, რომლებიც უნდა დააკმაყოფილო. აშშ და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვაზე, მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ ეფესბეს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. ეს იყო პუტინი, რომელმაც წამოიწყო ეს აგრესიული და ძალადობრივი ომი უკრაინის წინააღმდეგ და სწორედ პუტინს შეუძლია მისი შეჩერება.

აშშ, ევროპა, საქართველოს მეგობრები, რომლებმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დავხმარებოდით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამის გაკეთებას გავაგრძელებთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთი ახდენს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას. რუსეთია ის, ვინც სცადა თქვენი ენის განადგურება, რუსეთია, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები და გამოიყენა ისინი ცხოველების სადგომებად. თუ არსებობს რაიმე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს და ნახავთ. თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან. ეს არის გზა საქართველოს მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის," - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

დღის ამბები