27 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
მადრიდის სამიტის ფარგლებში მიღებულია კონკრეტული დოკუმენტები, რომელიც გვაძლევს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს - ილია დარჩიაშვილი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ფაქტობრივად უკვე 32 წევრისგან შედგება - მადრიდის სამიტზე პარტნიორებთან შეხვედრას დახურულ კარს მიღმა ქართული დელეგაციაც ესწრებოდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს მთელი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც ჰქონდა.

დღევანდელი დღე მედიასთან პირველმა დიპლომატმა შეაფასა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ სტრატეგიულ დოკუმენტში ჩანაწერი ჩვენს ქვეყანას საშუალებას მისცემს გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებულად იაროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მისივე თქმით, ყველა შეხვედრაზე საუბარი იყო ევროპულ პერსპექტივაზე, რაც საქართველოს ევროპული საბჭოს მხრიდან მიენიჭა.

"მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამიტის ფარგლებში მიღებულია კონკრეტული დოკუმენტები, რომელიც გვაძლევს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს. პირველი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, ეს არის ახალი ნატოს სტრატეგიული კონცეფცია 2030, რომელშიც გაწერილია გრძელვადიან პერსპექტივაში ის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, რომელიც ნატოს და საქართველოს მომავალში ექნება.

მეორე - რა თქმა უნდა ეს იქნება დეკლარაცია, სადაც აღნიშნული იქნება საქართველოზე მორგებული თანამშრომლობის ღონისძიებების ჩამონათვალი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნატოს სამიტის ვიზიტის ფარგლებში ჰქონდა ორმხრივი უმნიშვნელოვანესი შეხვედრები საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ბატონ მიშელთან და ასევე, გვქონდა შესაძლებლობა შეხვედრა გაგვემართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში პრეზიდენტ მაკრონთან და პრეზიდენტ მიშელთან პრემიერ-მინისტრს საუბარი ჰქონდა ჩვენი მომავალი ევროპული ინტეგრაციის იმ კონკრეტული მიმართულებების შესახებ, რომელიც განსაზღვრული იქნა რეკომენდაციებში. საქართველო მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ რეკომენდაციების ფარგლებში აჩქარდეს ევროპული ინტეგრაცია და რაც შეიძლება მალე ქვეყანამ მიიღოს სტატუსი," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები