27 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრები ხდებიან, თურქეთმა თანხმობა თავისი პირობებით განაცხადა -  ანალიტიკოსების შეფასებით, ეს პუტინისთვის გაგზავნილი ძლიერი სიგნალია

თურქეთის მიერ ფინეთისა და შვედეთისთვის მწვანე შუქის ანთებას უკვე მოჰყვა პირველი კომენტარები ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნატოს ყველაზე დიდი კონტრიბუტური, ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოსგან განსხვავებით ყოველთვის იყო ალიანსის გაფართოების ყველაზე აქტიური მხარდამჭერი. ვაშინგტონში დღეს ანკარის თანხმობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

ამერიკელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს პუტინისთვის გაგზავნილი ძლიერი სიგნალია.

რუსეთმა მისი მოთხოვნების საპირისპირო შედეგი მიიღო. ომის დაწყების საბაბად ვლადიმერ პუტინმა თებერვალში უკრაინისთვის და საქართველოს წაყენებული ულტიმატუმი გამოიყენა, თუმცა შედეგად, უკვე ივნისში, საკუთარ საზღვართან ნატოს ორი სახელმწიფო მიიღო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში არ დაუკარგავთ იმედი, რომ ანკარა, სტოკჰოლმი და ჰელსინკი მოილაპარაკებდნენ, რადგან თურქეთის წუხილი, ტერორიზმთან დაკავშირებით, ამერიკელი სპეციალისტების აზრით ლეგიტიმურია და ეს არის ის მგრძნობიარე თემა, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა ეპასუხათ ბლოკში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს. ანკარას აშფოთებდა პოტენციური დახმარების რესურსებთან ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ "ქურთების მუშათა პარტიის" წვდომის საფრთხე. 

ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლიუქ ქოფი აცხადებს, რომ თურქეთი ნატოსთვის მნისვნელოვანი წევრია. 

"რა თქმა უნდა, თურქეთის წუხილი ლეგიტიმური იყო და მას დაკმაყოფილება სჭირდებოდა. 1952 წლიდან თურქეთის ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი წევრია. მართალია არა დამფუძნებელი, მაგრამ ამ სტატუსთან ძალიან ახლოს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ალიანსში ცივი ომის დროს. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მან საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც, ბალკანეთზე, ავღანეთში, ანტისარაკეტო თავდაცვის კუთხით. თურქეთის წუხილი პასუხს საჭიროებდა. ნატო ალიანსია, რომელიც ერთიანობასთან დაკავშირებით დიდ გადაწყვეტილებებს იღებს. ფინეთი და შვედეთი მიერთებით გააძლიერებენ ნატოს უსაფრთხოებას, ჩრდილოეთ ფლანგს და მათი შესვლა მეტად უსაფრთხოს გახდის თურქეთსაც,"  - აცხადებს ლიუქ ქოფი. 

ანკარის თანხმობის შემდეგ ალიანსს 2 ევროპული დემოკრატია ემატება, თანამედროვე და ნატოსთან თავსებადი მძლავრი არმიით; ახალი, 1340 კილომეტრიანი საზღვარი რუსეთთან და მკაფიო გზავნილი მოსკოვისთვის, რომ ნატო ერთიანია და მის აგრესიას უკრაინაში არავინ შეეგუება. გარდა ამისა, ფინეთის და შვედეთის ალიანსში შესვლა გზავნილია ასპირანტებისთვისაც, რომ ნატოს კარი ღიაა და უკვე მომზადებულ ქვეყანას, პოლიტიკური თანხმობის შემთხვევაში, წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშეც მიიღებს.

აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი ​აღნიშნავს, რომ ნატო ახალი წევრების მისაღებად მზად არის. 

"საქართველო ამას უკვე აკეთებს მისი ყოველწლიური ეროვნული გეგმით, ნატო-საქართველოს კომისიის საშუალებით. იგივეს აკეთებს უკრაინაც. არ მგონია, მაპმა რამე ახალი შემატოს. მნიშვნელოვანია, რომ ნატო ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ გახსნილია უკვე მომზადებული, ახალი წევრებისთვის. ასევე ევროკავშირი, კანდიდატის სტატუსის უკრაინისა და მოლდოვისთვის მინიჭებით და პირობებით საქართველოსთვის, იძლევა სიგნალს, რომ ფანჯარა ღიაა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ ევროკავშირთან მიერთება. ვიმედოვნებ, მსგავსი სიგნალი იქნება ნატოდანაც და ვნახავთ, რომ საბოლოოდ, ეს ნაცრისფერი ზონა დაიხურება," - აცხადებს ვოკერი. 

რაზე შეთანხმდნენ თურქეთი, შვედეთი და ფინეთი - მემორანდომში სტოკჰოლმი და ჰელსინკი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და ადასტურებენ, რომ "ქურთების მუშათა პარტია" ტერორისტული ორგანიზაციაა. პირობას დებენ, რომ აღკვეთენ მის და მასთან დაკავშირებული პირების ქმედებებს. არ გაუწევენ მხარდაჭერას ფეთულაჰ გიულენის მოძრაობას. ითანამშრომლებენ ტერორიზმის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ძალოვანი და სადაზვერვო სამსახურების ჩართვით. დააკმაყოფილებენ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ექსტრადირებაზე თურქეთის მოთხოვნებს. მოხსნიან იარაღზე ანკარის წინააღმდეგ დაწესებულ ემბარგოს და ჩართავენ თურქეთს თავდაცვის და უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის საერთო პოლიტიკაში.

მხარეებს მემორანდუმზე ხელმოწერა მიულოცა ამერიკის პრეზიენტმა. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატოს კოლექტიური უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერდება.

დღის ამბები