27 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
ხელისუფლების შეცვლის რევოლუციური სცენარი - რა წერია წერილში, რომელიც "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა გაავრცელეს

"ქართული ოცნებიდან" წასულებს საპარლამენტო თანამდებობები ჯერ ოფიციალურად არ დაუტოვებიათ, თუმცა დღეს სამუშაო კაბინეტებში აღარ მისულან და არც მედიასთან გამოჩენილან. სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა მათივე გადაწყვეტილების მიზეზად დასახელებული - საზოგადოების ინფორმირება, დღეს წერილობით გადაწყვიტეს. ერთობლივ განცახდებაში საუბარია ბოლო პერიოდის პოლიტიკური პროცესებზე და დეპუტატები ირწმუნებიან, რომ კონკრეტულ პიროვნებებს ხელისუფლების შეცვლა რევოლუციის გზით სურს.

წერილში დეპუტატები კონკრეტულ სცენარებზეც წერენ, რომლის მიზანიც, მათივე განმარტებით, პოლიტიკური ფონის დამძიმებით და რევოლუციური მუხტის შექმნით ქვეყნის ომში ჩართვაა.

ყოფილი თანაგუნდელების ავტორობით გავრცელებული წერილის განხილვაში მმართველი გუნდი არ შედის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამ საკითხებზე საჯაროდ საუბარი მათი მხრიდან მიზანშეწონილი არ არის.

მმართველი გუნდიდან აზრთა სხვადასხვაობის გამო დეპუტატების წასვლის ოპოზიციას არ სჯერა. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ კონკრეტული 3 დეპუტატი უფრაქციო სტატუსით ისევ "ქართული ოცნების" ინტერესებს გაატარებს.

უმრავლესობის წევრები ოპონენტებს ურჩევენ, პარტიაში მიღებულ გადაწყვეტილებაში ქვეტექსტები არ ეძებონ. "ოცნებაში" ამბობენ, რომ გუნდიდან წევრების წასვლის დასახელებული მიზეზი რეალურია და ის დამატებით განმარტებებს არ საჭიროებს.

მეტ თავისუფლებაში მეტ სიხისტეს ელოდება ოპოზიცია. მეტიც, მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ "ოცნების" ყოფილი წევრები ანტიდასავლურ განცხადებებს აქტიურად გააკეთებენ.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მათგან წასულ სუბარს, ხუნდაძეს და ყაველაშვილს იგივე ღირებულებები და ხედვები აქვთ, რაც "ქართულ ოცნებას". სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ყოფილი წევრები ევროინტეგრაციის მხარდამჭერებად რჩებიან.

სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის "ოცნების" ფრაქციიდან წასვლის შემდეგ, რეგიონული თვითმმართველობის, ჯანდაცვისა და სპორტის კომიტეტების თავმჯდომარეობა ვაკანტური ხდება. საპარლამენტო თანამდებობებზე შესარჩევად უმრავლესობაში კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.

დღის ამბები