27 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
"არ მოგატყუებთ, დიდი ხანი მიდიოდა ამ საკითხზე საუბარი" - როგორ აფასებენ ხელისუფლების წარმომადგენლები უმრავლესობიდან გასული თანაპარტიელების გადაწყვეტილებას

დადგა მომენტი, როდესაც საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ბევრად მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ქართული პოლიტიკის კულისებში - ეს არის ფრაგმენტი "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების ერთობლივი წერილიდან.

სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში მთავარი სათქმელი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობა და რევოლუციური სცენარებია. ახლა უკვე დამოუკიდებელი სტატუსის მქონე დეპუტატები ამბობენ, რომ ამ დეტალებზე უმრავლესობის სახელით ვერ ისაუბრებდნენ და წასვლის გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მიიღეს. 

პარტია "ქართული ოცნებიდან" დეპუტატების წასვლას მმართველი გუნდის წევრები გამოეხმაურნენ. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მთავარი მიზანია საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მათივე თქმით, ახლა სწორედ ამაზეა მმართველი გუნდის რესურსი მიმართული. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ერთადერთი საკითხი, რომლის ირგვლივაც უმრავლესობის დეპუტატებს უთანხმოება ჰქონდათ, ეს იყო საკითხი თუ რა დოზით უნდა გამოსულიყო სიმართლე კულისებიდან. მისივე თქმით, დეპუტატებმა ჩათვალეს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების მანდატი იქნებოდა უკეთესი, რათა პირადი პოზიციები უფრო მკაფიოდ დაეფიქსირებინათ. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ პარტიაში ყველა დეპუტატს აქვს არჩევანის თავისუფლება. 

"თუ არსებობს ისეთი საკითხები, რომელიც ჩვენს კოლეგებს და ყოფილ თანაფრაქციელებს მიაჩნიათ, რომ უფრო მეტი დოზაა საჭირო, ეს მათი არჩევანია და არა ჩვენი. დიდი ხანი მიდიოდა ამ საკითხზე საუბარი, არ მოგატყუებთ. მე ვთვლი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი არ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გადავერთოთ მუშაობაზე და მივიღოთ ის შედეგი, რომელიც ჩვენ გაინტერესებს, უნდა გავხდეთ კანდიდატები ევროკავშირის წევრობის," - აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები