უკრაინის პრეზიდენტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, რუსეთის მიერ კრემენჩუკზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასოს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს თხოვნით მიმართავს, შექმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს გამოიძიებს.
"მივიღე მონაწილეობა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაში უკრაინის შესახებ. გაეროს მოვუწოდე, გამოიყენოს ქარტიის არსებული მექანიზმები, რათა ორგანიზაციის სტრუქტურებზე რუსული მანიპულირება შეაჩეროს და შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც უკრაინის მიწაზე რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ ქმედებებს გამოიძიებს. ჩვენ ვსარგებლობთ ყველა საერთაშორისო ბერკეტით, რათა რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს სახელმწიფო ტერორიზმისა და იმ ყველაფრის გამო, რასაც რუსული არმია უკრაინელების წინააღმდეგ ჩადის, კრემენჩუკსა და სხვა ქალაქებში. მათ სურდათ რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი ადამიანი მოეკლათ ერთ ქალაქში, ჩვეულებრივ სავაჭრო ცენტრში. ამ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებელი რუსეთია,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.