მადრიდის სამიტის პირველივე დღეს თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ადასტურებს, რომ თურქეთი ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.
მემორანდუმი 11 პუნქტს მოიცავს. ერთ-ერთი მათგანი შვედეთსა და ფინეთს ავალდებულებს, სრულად ითანამშრომლონ თურქეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლასაც გულისხმობს.
შეთანხმების თანახმად, შვედეთი და ფინეთი ვალდებული იქნებიან, წინააღმდეგობა გაუწიონ "ქურთების მუშათა პარტიას", რომელიც თურქეთისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.
"ერთობლივად მიღწეული პროგრესის შედეგად, თურქეთი დათანხმდა მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთს ნატოში გაწევრიანებას. მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთისა და ფინეთის პრეზიდენტებს, ასევე შვედეთის პრემიერ-მინისტრს, დღევანდელი კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის. ფინეთი და შვედეთი, რა თქმა უნდა, მზად არიან ითანამშრომლონ თურქეთთან ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დეპორტაციის ან ექსტრადიციის საკითხებთან დაკავშირებით. ახლა პრეზიდენტი პუტინი თავის საზღვრებთან მეტ ნატოს მიიღებს, რაც საპირისპიროა იმისა, რის მიღწევასაც ის რეალურად ცდილობდა. ჩვენ ვახდენთ დემონსტრირებას, რომ ნატოს კარი ღიაა," - ამბობს იენს სტოლტენბერგი.