27 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
"ყველა მსგავსი განცხადება არის ტყუილი და ცილისწამება" - უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ელენე ხოშტარიას პასუხობს

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი პარტია ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, "დროას" ლიდერი ამბობს, რომ ბათუმის პორტში რუსეთიდან ევროპაში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერის ტრანზიტს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მათ შორის, უჩა მამაცაშვილი მფარველობს.

„მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, პრაქტიკულად ყველა საინფორმაციო საშუალებაში გავიდა ჩვენი მკაფიო პოზიცია, რომ სრული სიცრუე იყო  ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთულ ტანკერთან და საერთოდ საზღვაო გადაზიდვებთან უჩა მამაცაშვილის შეხებასთან დაკავშირებით, დღეს ელენე ხოშტარიამ კვლავ გააგრძელა ცილისმწამებლური და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი კამპანია და განაცხადა, რომ შესასწავლია უჩა მამაცაშვილის როლი რუსული სანქციებისგან თავის არიდების სქემაში.

თავად ელენე ხოშტარია აღიარებს, რომ მას აქვს ინფორმაცია, თუ რეალურად, ვინ შეიძლება იდგეს რუსული საწვავით დატვირთული ტანკერის უკან, თუმცა საზოგადოების თვალის ასახვევად, მაინც ცდილობს უჩა მამაცაშვილის დისკრედიტირებას.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ვერც ახლა და ვერც მომავალში, ვერც ქალბატონი ხოშტარია და ვერც სხვა რომელიმე პოლიტიკოსი, ვერ წარმოადგენს რაიმე რელევანტურ მტკიცებულებას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაადასტურებს ბატონი უჩა მამაცაშვილის კავშირს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების სქემაში და ყველა მსგავსი განცხადება არის უბრალოდ ტყუილი და ცილისწამება”, – აცხადებს უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

დღის ამბები