27 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
ტექნიკური მთავრობა "ქართული ოცნების" მთავრობის ნაცვლად, 4 დღე ულტიმატუმის ამოწურვამდე - როგორ აპირებენ ეროვნული თანხმობის მიღწევას იდეის ავტორები

ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა იწურება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, როგორ უნდა დაკომპლექტდეს ეროვნული თანხმობის მთავრობა, ან, რა შემადგენლობის უნდა იყოს ის. "ტექნიკური მთავრობის" ინიციატორებს და საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს, სავარაუდო კანდიდატებისთვის მხოლოდ კრიტერიუმები აქვთ შერჩეული. ქვეყნის მთავარ კანონთან შეუსაბამობაზე მითითებას კი პოლიტიკურ ხრიკს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათი წინადადება კონსტიტუციასთან თავსებადია.

მოქმედი მთავრობის ე.წ ტექნიკურით შეცვლაში პრობლემას ვერ ხედავენ ვერც ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ”სირცხვილიას” მოთხოვნებს მხარს უჭერენ. თუმცა ე.წ. დროებითი მთავრობის შემადგენლობაზე ინფორმაცია არც მათ აქვთ, ამბობენ, რომ კანდიდატები ფართო კონსენსუსით უნდა შეირჩეს და ამაზე ფიქრს 3 ივლისის აქციის შემდეგ დაიწყებენ, იმის მიხედვით, რამდენად ძლიერი იქნება საპროტესტო მუხტი.

ე.წ ტექნიკური მთავრობის ინიციატივას სრული ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერა არ აქვს. საპარლამენტო პარტიების ნაწილისთვის მოთხოვნა არასერიოზულია. ამბობენ, რომ სამოქალაქო აქტივისტებისა და პარტიების ნაწილის მოთხოვნებს ლეგიტიმურობის ნაწილშიც ხარვეზი აქვს.

მოქმედი მთავრობის ”დროებითით” ჩანაცვლებას მმართველი პარტია კონსტიტუციური წესრიგის დარღვევად მიიჩნევს. ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, მინისტრთა კაბინეტის წევრობას სამოქალაქო ლეგიტიმაცია, ანუ არჩევნების შედეგები სჭირდება.

აქციის ორგანიზატორები ე.წ ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაზე არ საუბრობენ, თუმცა, შესაძლოა, მოქმედ სახალხო დამცველს დროებით მთავრობაში ხელმძღვანელის პოსტი შესთავაზონ. ნინო ლომჯარია კი ამბობს, რომ მისი გეგემები უახლოესი 6 თვე კვლავ ომბუდსმენის რანგში მუშაობას უკავშირდება.

სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნებს ძალაუფლების მიტაცების მცდელობას უწოდებენ ”ქართულ ოცნებაში”. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპონენტების ნაწილი 2020 წლის პოსტ საარჩევნო პერიოდს უბრუნდება.

მოთხოვნები წამოყენებულია, ახლა მორიგი აქცია 3 ივლისსაა დაგეგმილი, თბილისში აქციაზე ხალხის მობილიზებას კი, რეგიონებიდან ორგანიზატორების ნაცვლად, პოლიტიკური პარტიების ლიდერები ახდენენ, ქუთაისში დღეს "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე იყო ჩასული.

დღის ამბები