27 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ბათუმის პორტში შემოსული გემი, რომელზეც სანქცირებულ კომპანიასთან დაკავშირებული ტვირთი იყო, ქართულმა მხარემ შეაჩერა და ტანკერს ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში გაჩერების უფლება არ მისცა

მმართველი გუნდი "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნისთვის მორიგი ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს. საუბარია ბათუმის პორტში შემოსულ გემზე, რომელზეც სანქცირებულ კომპანიასთან დაკავშირებული ტვირთი იყო განთავსებული. გემი ქართულმა მხარემ შეაჩერა და ნავთობის რეექსპორტის შესაძლებლობა არ მისცა. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ სანქცირებული ტვირთის საქართველოში შემოსვლა, ოპონენტების გეგმას წარმოადგენდა. მათი თქმით, უნდა შექმნილიყო ყალბი ალიბი დასანქცირებული ტვირთების უკანონო გადაზიდვასთან დაკავშირებით, რომელიც სამომავლოდ უკრაინის მაღალჩინოსნებისა და ადგილობრივ პოლიტიკოსებს დასავლეთთან ბრალდებების გაჟღერებაში დაეხმარებოდა.

თურქული დროშის ქვეშ მცურავ გემ "ესენკასთან" დაკავშირებით განმარტებები დღეს ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა ვერასდროს გახდება. ვიცე-პრემიერმა ოპონენტებს აჟიოტაჟის ატეხვამდე ფაქტების გადამოწმება ურჩია.

ვიცე-პრემიერის განმარტებებს არ ენდობიან "ნაციონალურ მოძრაობაში" და ამბობენ, რომ ე.წ. შავი ხვრელების არ არსებობა მთავრობამ მეტი მტკიცებულებით უნდა დაადასტუროს.

ტანკერი, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტები სანქციების გვერდის ავლის მტკიცებულებად ასახელებდნენ, რეალურად გალფთან ერთად "პეტროკასის" ჰოლდინგში შემავალი კომპანიის საკუთრება აღმოჩნდა. "გალფის" მიერ მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ტვირთი ტექნიკური მიზეზებით საქართველოში დროებით ორკვირიანი დასაწყობების მიზნით შემოვიდა.

ტანკერთან დაკავშირებით უკრაინელი მაღალჩინოსნისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ეჭვებს არ იზიარებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. პოლიტიკოსების აზრით, დასაბუთების გარეშე გამოთქმული ბრალდებები, ხელისუფლების ვერსიას - არეულობის სურვილთან დაკავშირებით ლეგიტიმურობას ანიჭებს.

დღის ბოლოს "ნაციონალური მოძრაობისა" და ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის არასწორ ტაქტიკაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმაც. გიორგი ვოლსკის თქმით, ყალბი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ ოპონენტების დესტრუქციულ მიზნებს ემსახურება.

მიუხედევად იმისა, რომ კომპანიამ დაადასტურა, რომ ტვირთი დროებითი დასაწყობებისთვის იყო განკუთვნილი და თურქეთისკენ მიცურავდა - სახელმწიფომ ტანკერს ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში გაჩერების უფლება არ მისცა. დღის ბოლოს სპეციალური განცხადება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმაც გაავრცელა და განმარტა, რომ გემმა, რომელზეც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი იყო განთავსებული, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგური უკვე დატოვა.

დღის ამბები