27 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
დავით არახამიას მორიგი მძიმე ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ - უკრაინის მმართველი პარტიის ლიდერი, ვაშინგტონში თბილისის "დასმენით" იმუქრება

უკრაინის მმართველი პარტიის ლიდერი საქართველოს მმართველი პარტიისა და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ.

უკრაინელი მაღალჩინოსანი დავით არახამია უკვე მერამდენედ აჟღერებს ბრალდებას, რომელსაც არცერთი მტკიცებულება არ ახლავს თან.

არახამია ამჯერად უკვე იმუქრება, რომ თბილისს ვაშინგტონში დაასმენს და არ მალავს, რომ მისი შეერთებულ შტატებში ვიზიტის მთავარი მიზანი სწორედ ეს არის.

უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე კვლავ აანონსებს, რომ მალე მტკიცებულებები ექნება, თუ როგორ ეხმარება საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. დავით არახამია მორიგ მძიმე ბრალდებებს ქართველ მაღალჩინოსნებს ტელეგრამპოსტში უყენებს და იმასაც ამბობს, რომ დეპუტატებისა და მინისტრების საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია მალე გასაჯაროვდება. აფრთხილებს ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც.

კიევიდან გზავნილებს მალევე უპასუხეს თბილისში. დავით არახამიას განცხადებებს მმართველ პარტიაში აბსურდული და უსაფუძვლო უწოდეს. უმრავლესობის წევრებისთვის ეს არის ორკესტრირებული შეტევა საქართველოს წინააღმდეგ.

"ნაციონალური მოძრაობა" ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც უკრაინელი მაღალჩინოსნის მორიგ ბრალდებაზე პასუხს კვლავ ხელისუფლებისგან ელის. ოპოზიციონერებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ხელისუფლება ბრალდებებს დროულად გამოეხმაუროს და პასუხიც გასცეს.

განსხვავებული მოსაზრებები აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით მიაჩნიათ, რომ უკრაინელი მაღალჩინოსანი შეცდომაშია შეყვანილი. მძიმე ბრალდებების გასამყარებლად, დავით არახამიას ურჩევენ, მტკიცებულებები გაასაჯაროვოს.

უკრაინელი პოლიტიკოსის მორიგი ბრალდებები მმართველ გუნდში არც დღეს გაკვირვებიათ. უფრო მეტიც, დავით არახამიას "ნაციონალური მოძრაობის" თანამოაზრედ და წევრად მიიჩნევენ. თბილისში ამბობენ, რომ კიევის პოლიტიკური ელიტის ნაწილი საქართველოს დისკრედიტირებას უკვე თვეებია მიზანმიმართულად ცდილობს, რაც მხოლოდ ოკუპანტის ინტერესებში შედის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციებს არ აყვება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რადას მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და კონკრეტული მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებასაც მოითხოვს. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, ოფიციალურმა კიევმა თბილისის მიმართულებით არაერთი ბრალდება გააჟღერა, თუმცა ამ დრომდე არცერთი დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

დღის ამბები