27 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი", საგანგებო მდგომარეობის გამო, დროებით მუშაობას წყვეტს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები.

"უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინერეებმა (,,თერგი“ და ,,დევდორაკი“) დააზიანეს რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს (დარიალი-ლარსის 165-ე კილომეტრი), საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი.

საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“ თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.

ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივად მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას საზოგადოებასა და მედია საშუალებებს მიმდინარე მოვლენების შესახებ," - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. 

დღის ამბები