27 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
ევროპის ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს ევროპული პერსპექტივა - მთავარი გზავნილები ქვეყნისთვის

საქართველოს ევროკავშირმა კარი გაუღო, თუმცა ჯერ კანდიდატის სტატუსით არა. ევროპულმა საბჭომ ქვეყანას  ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატობა მხოლოდ მას შემდეგ განუსაზღვრა, რაც პირობები შესრულდება. ის, რაზეც დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს, სამი ევროპელი ლიდერის ისტორიულ პრესკონფერენციაზე ითქვა.

ბრიუსელიდან საქართველოში პოლიტიკურ პროგრესს ხედავენ, თუმცა მთავარ გამოწვევად და ევროპულ დავალებად მაინც დეპოლარიზაციას ასახელებენ.

"ჩვენ გვაქვს უზარმაზარი სურვილი, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი" - ეს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის გზავნილია საქართველოს მოსახლეობისთვის. ტრიბუნასთან მდგომებს არ დავიწყებიათ არც რუსთაველის გამზირზე იმის სათქმელად გამოსული ადამიანები, რომ მათი არჩევანი - ევროპაა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, საქართველოს ვიდეომიმართვით შეახსენა, რომ საშინაო დავალება შესასრულებელია. ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან ერთად მუშაობისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამოიყენოს.

ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც 17 ივნისს გამოაქვეყნდა და სადაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა განისაზღვრა. გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანს, 12 ნაბიჯად გაიწერა. ევროპული დავალება წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს.

 

დღის ამბები