27 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
ოპოზიციამ ხმარებიდან უნდა ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორიც არის "პრორუსული მთავრობა", "პუტინისტური რეჟიმი", ამით პირველ ნაბიჯს გადადგამენ დეპოლარიზაციისკენ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან დეპოლარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ის, რომ რიტორიკიდან უნდა ამიოღონ ტერმინები - "პრორუსული მთავრობა",  "პუტინისტური რეჟიმი" და ა.შ.  

"პირველ რიგში ოპოზიციამ უნდა შეცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორიც არის მაგალითად - "პრორუსული მთავრობა" ან "პუტინისტური რეჟიმი" და ა.შ. როგორც კი ამას გააკეთებენ, მაშინვე ამით ისინი პირველ ნაბიჯს გადადგამენ დეპოლარიზაციისკენ, თუ ამის მზაობა აქვთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება კარგი, თუმცა მე ჯერჯერობით ამის მზაობას ვერ ვხედავთ, პირიქით, მათი ყველა ნაბიჯი პოლარიზაციისკენ არის მიმართული.

ვნახოთ, ცალმხრივად პოლარიზაცია ვერ დასრულდება, რა თქმა უნდა, დაველოდებით ოპოზიციის ქმედებებს. დეპოლარიზაციას სჭირდება ის, რომ ოპოზიციამ აღიაროს ხელისუფლების ლეგიტიმურობა. ასეთ დროს ისინი, რას აკეთებენ? პირიქით, საუბრობენ რაღაც პრორუსულ მთავრობაზე, პუტინისტური რეჟიმი, დემოკრატიული უკუსვლა - სრული "ფეიკი". 

ეს სრული სიცრუეა და ასეთი სიცრუით ისინი, ბუნებრივია, დეპოლარიზაციას ხელს ვერ შეუწყობენ. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს მათი დამოკიდებულება და ამის შემდეგ შეიძლება განხილული იყოს ნებისმიერი ნაბიჯი," - ამბობს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დეპოლარიზაცია მარტო ერთ მხარეზე არ არის დამოკიდებული.

"დეპოლარიზაციის საკითხზეა პირდაპირი მინიშნება და დეპოლარიზაცია მხოლოდ მმართველ გუნდზე სამწუხაროდ არ არის დამოკიდებული, თორემ ჩვენ გარანტირებულად ვიტყოდით, რომ ჩვენ ყველა საკითხს შევასრულებთ. ჩვენ ერთის გამოკლებით იმიტომ ვამბობთ, რომ დეპოლარიზაცია დამოკიდებულია მეორე მხარეზეც და მათგან სურვილს ვერ ვხედავთ, პირიქით, პოლარიზაციის ხარისხის გაღრმავების მცდელობებს ვხედავთ, თუმცა პროცესები შეიძლება ისე წავიდეს, რომ მათაც იფიქრონ და დარწმუნდნენ, რომ მათი წილი პასუხისმგებლობა იმ ერთ პუნქტთან დაკავშირებით ასაღებია," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

დღის ამბები