27 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
"პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ დიდ ჩაფლავებაზე" - ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ თბილისში ისევ ურთიერთბრალდებები ისმის

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ თბილისში ისევ ურთიერთბრალდებები ისმის. ოპოზიცია მოუწოდებს მთავრობას აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანა  ასოცირებული ტრიოსგან განცალკევდა და კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. პოლიტიკოსები პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც აფასებენ.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია შემცირდეს, ამას ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება სჭირდება. 

"პოლარიზაციის შემცირებას სჭირდება პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, თავისუფალი სასამართლოს არსებობა და კონკრეტულად ის ნაბიჯები, რომელიც ჩამოთვლილია საგზაო რუქაში," - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ყველაფერზე, რაც მოხდა. 

"პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომელიც დგას პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ნამდვილად გადადგებოდა დღეს, როდესაც ჩააფლავა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ჯიუტად ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არისო. ამიტომ, მართლა გულწრფელად ვამბობ, კითხვაზე - როგორ უნდა მოხდეს დეპოლარიზება, როცა არ პასუხობს პრემიერ- მინისტრი და მთავრობა, უნდა გადადგეს. ეს არის პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციის. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ დიდ ჩაფლავებაზე, რაც მათ გააკეთეს. ეს არის რეალობა," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრმა ჰერმან საბომ. 

"სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც დაგვაახლოებს ევროპული ტიპის მმართველობასთან. ასეთი ქმედება, რომელიც რაღაც სახის ნდობის ნაპერწკალს შემოიტანდა ოპოზიციასა და ხელისუფლების შორის, არის ის საკითხი, რომელიც დღეს გაყინულია პარლამენტში, რომელიც თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ხელთაა, შეუძლია ისევ მეორე, მესამე მოსმენით შემოიტანოს და რომელიც ერთის მხრივ შეამცირებდა პოლარიზაციას მომავალში, ასევე შეასრულებდა შარლ მიშელის დროინდელი დოკუმენტის ნაწილს და იქნებოდა იმის რეცეპტი, რომ მომავალში საქართველოს პარლამენტში არ იყოს მარტო ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. ეს საკითხი არის დაბალი საარჩევნო ბარიერი," - აცხადებს ჰერმან საბო. 

დღის ამბები