27 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
ივანიშვილი არის ყველაზე დიდი მეცენატი, ქველმოქმედი, რომელიც საკუთარ სამშობლოს 20 წელზე მეტია ეხმარება - ირაკლი ღარიბაშვილი

დეოლიგარქიზაციის საკითხზე გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან, უფრო მეტი კონკრეტიკისა და განმარტების მისაღებად- აღნიშნული პირობა სამივე ქვეყანას განესაზღვრა და მოდი, ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს გამოწვევა არაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს, როგორ უნდა განვახორციელოთ აღნიშნული კანონის მიღება. ჩვენ გვითხრეს, რომ უკრაინას აქვს ანალოგიური კანონი მიღებული, მაგრამ აქვე აღინიშნა, რომ არ არის სრულყოფილი და ა.შ. ჩვენ ამ თემას, რა თქმა უნდა, ჩავუღრმავდებით, მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პირობა სამივე ქვეყანას განესაზღვრა. მოდით ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ არის ეს გამოწვევა.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი მეცენატი, რომელიც ქვეყანას ოდესმე ჰყოლია, ქველმოქმედი, რომელიც საკუთარ სამშობლოს 20 წელზე მეტია ეხმარება. უცხო ქვეყნებში მიღებული შემოსავლის, სიმდიდრე ქვეყანას მიუძღვნა. ასობით მასშტაბური პროექტის მომსწრე ხართ. მან ქველმოქმედება ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო, ასევე სააკაშვილის დროს, ახლა მთავარი ქველმოქმედება, რაც განახორციელა ისაა, რომ ქვეყანას ანტიევროპული ძალა მოაშორა და დიქტატორული ძალა დაასრულა ქვეყანაში. 

ეს არის პოლიტიკური დესტრუქციული ძალების შეფასება არგუმენტების გარეშე. თუ ისინი გულისხმობენ იმ თამასას, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა დაგვიტოვა - მედია თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, სასამართლო რეფორმა და უამრავი სხვა, რომლის შედეგიცაა, რაც მივიღეთ დღეს და არ დავრჩით იქ, სადაც 2012 წელს ვიყავით - გაუგებარ დიქტატურასა და ავტორიტარულ რეჟიმში, თუ ესაა ბატონო ივანიშვილის დესტრუქცია, მაშინ ჩვენც მანდ ვართ.

დესტრუქციულ ძალებში ვგულისხმობ რევანშისტულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზება დასრულდეს. პარლამენტში ჩემი ანგარიშის დროს მათი მხრიდან შეტევა და ლანძღვა-გინება იყო გამიზნული, რათა არ შემდგარიყო ევროპული ტიპის, კონსტრუქციული დებატები.

თუ ვინმე ბატონი ივანიშვილის როლს არასათანადოდ აფასებს, ამას სჭირდება არგუმენტირებული ფაქტები და არა ზოგადი, პოლიტიკური შეფასებები.

დიახ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, მისი პიროვნული ავტორიტეტი და როლი, რომელიც მან შეასრულა პოლიტიკაში მოსვლის დღიდან, უზარმაზარია ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, ევროპასთან დაახლოების კუთხით.

ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქი არის პირი, რომელიც საკუთარი გავლენებით მდიდრდება სახელმწიფოს რესურსებით, აქვს გავლენიანი ბიზნესი, პარტიები და ა.შ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან, პირიქით - თუ რამე იშოვა, ჩამოიტანა და დახარჯა საქართველოში. არის მეცენატი და შემდეგ არის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი.

ბიძინა ივანიშვილს არავითარი როლი, სტატუსი პოლიტიკაში არ გააჩნია, მან საჯაროდ დატოვა პოლიტიკა, ასე რომ, სხვა ყველანაირი სპეკულაციები, ბრალდებები, ცილისწამებები არის უსაფუძვლო. ოლიგარქების ცდუნებები შესაძლოა სხვა ინდივიდებს ჰქონოდათ და ჰქონდეთ დღესაც. ამას შევისწავლით, გავითვალისწინებთ ევროპელების რეკომენდაციებს, ასევ უკრაინის გამოცდილებას. უკრაინაში რეალური გამოწვევაა ოლიგარქების, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. ასე რომ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად",- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები