სტიქია საქართველოს რეგიონებში - უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს მუნიციპალიტეტში. წყალდიდობამ განსაკუთრებით სენაკის მოსახლეობა დააზარალა. დაიტბორა საავტომობილო გზები და დაზიანდა ხიდები. წინასწარი ინფორმაციით, ზარალი მილიონ ლარზე მეტია.
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე აბაშა. სტიქიამ პრობლემები შეუქმნა მარტვილის კანიონს, მოსახლეობამ საკუთარი ძალებით შეძლო ტერიტორიის დატოვება.
ძლიერი წვიმა გვიან ღამით დაიწყო ხობშიც. დაიტბორა ეზოები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები, განადგურებულია ხეხილის ბაღები. წვიმამ იმსხვერპლა შინაური ცხოველები და ფრინველები. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ.
სტიქიამ ქუთაისიც დააზარალა - ადადებულმა მდინარე რიონმა რომელიც კალაპოტიდან გადმოვიდა საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწია.
სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან მაღალმთიან რეგიონებში, მათ შორის ამბროლაურში, სადაც ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, დაზიანდა საავტომობილო გზები და ელექტრო გადამცემი ხაზები. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში, მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.
სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. შექმნილია შესაბამისი კომისიაც რომელიც ზარალს ითვლის.