დარღვევები წნორის ხანდაზმულთა სახლში - სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშით, დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.
"ხანდაზმულთა სავანე ბეთელი“ სათემო ორგანიზაციაა, სადაც განთავსებულია 21 ხანდაზმული, მათგან 17 ბენეფიციარის მომსახურებას „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო“ აფინანსებს.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარულ პირობებში იმყოფებიან. მთელ შენობაში გაუსაძლისი, მძაფრი სუნი დგას. ყურადღება არ ექცევა ბენეფიციარების ჰიგიენას. უმეტესობას ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია. დაწესებულება არ უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის საშუალებებს და პირადი ჰიგიენის დაცვაში მხარდაჭერას. ბენეფიციარებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მათ არ აქვთ ბანაობის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ხანდაზმულის განცხადებით, მიმდინარე წელს მას საერთოდ არ უბანავია.
"ხანდაზმულთა სახლს არ აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა. აქ არის მხოლოდ ერთი სააბაზანო ოთახი, რომელიც განკუთვნილია ყველა ბენეფიციარისთვის, სველ წერტილებში კი საშინელი ანტისანიტარიაა.
დაწესებულება უგულებელყოფს ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვას. კერძოდ, არ აქვს ექიმის კადრი, არსებული მცირე სამედიცინო დოკუმენტაცია არასრულია.
შემაშფოთებელ ანტისანიტარულ მდგომარეობასთან ერთად, დაწესებულებას არ აქვს წინასწარ, სპეციალისტის მიერ შედგენილი, ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული კვების მენიუ. შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ვერ შეძლეს საკვების კვებითი ღირებულების შეფასება.
ხანდაზმულთა სახლის პერსონალს არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, კერძოდ, არ აქვთ გავლილი ხანდაზმულთა მოვლისთვის აუცილებელი ტრენინგები. ყურადსაღებია, რომ დაწესებულებას არ ჰყავს კაცი მომვლელი, რომელიც უზრუნველყოფდა კაცი ბენეფიციარების მოვლას ისე, რომ არ შელახულიყო ხანდაზმულთა ღირსება. უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის ანაზღაურება ყველაზე დაბალია, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემოწმებულ და შესწავლილ სხვა ხანდაზმულთა სახლებთან შედარებით.
შემაშფოთებელია, დაწესებულების ადმინისტრაციის სტიგმით განპირობებული სტერეოტიპული დამოკიდებულება ზოგიერთი ხანდაზმულის მიმართ. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა მიერ, ზემოთაღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნაზე ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა - ხანდაზმულს იმისათვის, რომ ღირსება შეელახოს, უნდა ჰქონდესო.
იკვეთება ხანდაზმულთა დიფერენცირება, მათი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის მიხედვით. აღნიშნული აღვივებს ბენეფიციართა შორის დაპირისპირებასაც.
შესამჩნევია, ადმინისტრაციის მიმართ შიში და უნდობლობა. ადმინისტრაციის თანდასწრებით, ხანდაზმულები არ გამოთქვამდნენ წუხილს და ერიდებოდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარს. ხოლო, მარტო დარჩენის შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფთან აფიქსირებდნენ დაწესებულებაში ცხოვრების გამოწვევებს.
წნორის „ხანდაზმულთა სავანე ბეთელში“ ხანდაზმულთა არასათანადო, ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ყოფნის გამო საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება ზემოაღნიშნულ დარღვევებზე და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანა სხვა დაწესებულებებში, სადაც მათ ღირსეული პირობები ექნებათ," - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.